თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი, მიხეილ შაყულაშილი, რომლის ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი მოკლეს, საქმის ერთ-ერთი მოწმის არ დაკითხვის მიზეზებზე საუბრობს. ამ საკითხზე საუბარი შაყულაშვილს დღეს, 23 ივლისს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის კითხავზე პასუხის გაცემის დროს მოუწია.

თბილისის მაშინდელი პროკურორის განმარტებით, პროკურატურის მაშინდელი მაღალჩინოსანი იმ მიზეზით არ დაკითხეს, რომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ დასაკითხთა სიაში იყო. მისი თქმით, დაკითხვის შემთხვევაში ეს დაცვის მოწმეებზე ზეწოლად მიიჩნეოდა.

"რუსთავი 2-ის ცნობილი კადრებიდან, ვიგებთ, რომ მირზა სუბელიანზე ჩნდება ეჭვი, რაღა თქმა უნდა დასაკითხი იყო. მაგრამ მაშინ ის იყო დაცვის მოწმე და მაშინ ჩვენი დაკითხვა აღიქმებოდა, როგორც დაცვის მოწმეებზე ზეწოლა. შესაბამისად ვერანაირად ვერ დავკითხავდით, ამიტომ გადავწყვიტეთ, დავლოდებოდით დაცვას, დაკითხავდა სასამართლოში, რის შემდგომაც დავკითხავდით უკვე ჩვენ", - ამბობს შაყულაშვილი.

საგამოძიებო კომისიის წევრი, გიგა ბოკერია დაინტერესდა იყენებდა თუ არა მსგავს პრაქტიკას უწყება ყველა სხვა შემთხვევაშიც, როცა საქმეში მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. საგამოძიებო უწყების მაშინდელმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ იყო მსგავსი შემთხვევები, ეს არ არის სტანდარტი, თუმცა ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მოითხოვდა, რომ მირზა სუბელიანი პასუხისგებაში მიეცათ, თუმცა შსს-მ სუბელიანი მას შემდეგ დააკავა, რაც თბილისში პარლამენტის წინ სარალიძის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა.

9 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.