მარიხუანის მწარმოებელმა კანადურმა კომპანიამ აშშ-ში საკუთარი აქციები საფონდო ბირჟაზე პირველად გაიტანა და $153 მილიონის მოზიდვა შეძლო. მარიხუანის მწარმოებელი კომპანიის, Tilray-ის აქციებით ვაჭრობა ხუთშაბათს, Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე დაიწყო. თავაპირველად აქციების საცალო ფასი 17 დოლარი იყო, თუმცა ძალიან მალე $21-მდე გაიზარდა.

კომპანიის მიმართ ამგვარი დაინტერესება და წარმატება კანადის ნარკოპოლიტიკას უკავშირდება, რომელიც უახლოეს მომავალში მარიხუანის სრულ ლეგალიზებას გეგმავს.

ზოგადად, Tilray არ არის პირველი კომპანია, რომელმაც აქციებით ვაჭრობა დაიწყო ამერიკულ საფონდო ბირჟაზე, თუმცა ის პირველია, რომელმაც ეს IPO-თი, საწყისი საჯარო შეთავაზებით გააკეთა. მარიხუანის ბაზრის ანალიტიკოსის, ჯონ კაგიას აზრით, ამგვარი გადაწყვეტილება გაზრდის ამ ინდუსტრიის მიმართ ნდობასა და რწმენას.

სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის გამოყენება კანადაში დიდი ხანია ლეგალურია, თუმცა მისი რეკრეაციული მოხმარება და გაყიდვა ლეგალური 17 ოქტომბრიდან გახდება. აშშ-ი კი, მარიხუანა მხოლოდ ზოგიერთ შტატშია ლეგალური, ფედერალური კანონით კი კვლავ აკრძალულია. სწორედ ამიტომ, ამერიკული კომპანიები ინვესტიციას მეზობელ კანადაში ამჯობინებენ.

კრის ბერი, რომელიც დიდი კანადური იურიდიული კომპანიის ადვოკატია, ამ ინიციატივას ორივე ქვეყნისთვის დადებითად აფასებს. მისი აზრით, ინვესტიციის განხორციელებაში დიდი როლი აქვს ინსტიტუციურ მხარდაჭერას, როგორიცაა ნიუ-იორკის საინვესტიციო ბანკი Cowen, რომელიც Tilray-ის IPO-ში იყო ჩართული.

Tilray მოზიდული თანხით მარიხუანის გასაზრდელად დამატებითი სათბურებისა და ტერიტორიების შესყიდვას გეგმავს.

ჯონ კაგია ამბობს, რომ ანალიტიკოსები დააკვირდებიან, თუ როგორ რეაგირებს აშშ მარიხუანის კანადურ აქციებზე. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ კომპანიების ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ამ ბაზრის განვითარების მოლოდინს უკავშირდება. კერძოდ კი, მოსალოდნელია, რომ მარიხუანის კანადური ბაზარი 5-დან 9 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

"ამ წუთისთვის ძალიან ბევრი ინვესტიცია უბრალოდ გადაჭარბებულ თანხებს უკავშირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროთა განმავლობაში ინვესტიციების რაოდენობა და ზომა შეიცვლება", - ამბობს ჯონ კაგია.