საქნახშირის წარმოების დირექტორმა გია ქარქაშაძემ, მინდელის შახტის დირექტორმა აკაკი ახვლედიანმა და მთავარმა ინჟინერმა გიზო კირკიტაძემ თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ On.ge-ს საქნახშირის მფლობელ კომპანია საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში განუცხადეს.

მათი განცხადებით, საქნახშირის გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები და კვლევა დასრულდება.

ტყიბულში 16 ივლისს მინდელის სახელობის შახტაში აფეთქების შედეგად კიდევ 4 მუშა დაიღუპა, 6 კი დაშავდა. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ საქნახშირმა ვერ მოძებნა ნახშირის მოპოვების სრულიად უსაფრთხო გზა და ამის გამო მზადაა, შპს საქნახშირი სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცეს.

პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წელს ტყიბულის შახტში სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა.