პირი, რომელიც ფოთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, პოლიციელის მიერ სამსახურებრივი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, დღეს, 23 ივლისს ფოთში, ჟვანიას ქუჩაზე ჩასარიცხ აპარატს ერთი პირი ქურდავდა, როდესაც სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ. უწყების ვერსიით, პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და თავში ბლაგვი საგნით ჭრილობა მიაყენა. როგორც განცხადებაში წერია, პოლიციელმა აღნიშნული პირი თავდასხმის მოგერიების მიზნით დაჭრა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქმეზე ორი გამოძიება მიმდინარეობს. პირველი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, ხოლო მეორეს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით აწარმოებს.