კვირას, 22 ივლისს, SpaceX-მა ცნობილი Falcon 9-ის განახლებული ვერსია Block 5 უკვე მეორედ გაუშვა.

ფალკონის ახალი ვერსია მრავალჯერადი გამოყენებისთვის არის ოპტიმიზირებული. ილონ მასკის თქმით, ახალ ფალკონს თითო ჯერზე შეკეთებების გარეშე დაახლოებით 10 ფრენის განხორციელება შეეძლება, პოტენციურად კი, ერთმა რაკეტამ შეიძლება დაახლოებით 100-ჯერაც იფრინოს. კომპანიის საბოლოო მიზანია, რაკეტამ დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ფრენა 24 საათში შეძლოს.

აქამდე რაკეტის მიწაზე დაბრუნების შემდეგ მისი ახალი ფრენისთვის გამზადებას თვეები სჭირდებოდა და მისი ხელმეორედ გამოყენება მაქსიმუმ რამდენჯერმე იყო შესაძლებელი. ექსპერტების ვარაუდით, კომპანია გამოყენებული რაკეტების შეკეთებაზე უფრო მეტ რესურსს ხარჯავდა, ვიდრე ახლის შექმნას სჭირდება.

SpaceX-მა ფალკონის მეხუთე ვერსია პირველად მაისში გაუშვა. მას ახლა უკვე ტიტანის ფრთები აქვს, რომელსაც შეუძლია ატმოსფეროში შემოსვლისას წარმოქმნილ მაღალ ტემპერატურას გაუძლოს. ასევე განახლებულია ძრავები და რაკეტის სტრუქტურული მდგრადობა.

ამიერიდან კომპანია ფალკონის წინა ვერსიებს აღარ გაუშვებს და ის რაკეტების მხოლოდ მრავალჯერად გამოყენებაზე გადავა.

განახლებული Falcon 9

განახლებული Falcon 9

ფოტო: SpaceX