საქართველოს პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი დღეს, 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონის ასამოქმედებლად მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერაღაა საჭირო.

კანონპროექტის მიხედვით, სქემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე პირებისთვის, 40 წლის ზემოთ კი - ნებაყოფლობითი. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით - ნებისმიერი თვითდასაქმებული.

როგორ გროვდება პენსია

დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. აქედან 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი - სახელმწიფო.

წარმოვიდგინოთ, რომ თქვენი დაუბეგრავი ხელფასი არის 1 000 ლარი, საშემოსავლოს ჩამოჭრის შემდეგ 800 ლარს აიღებთ. დაუბეგრავი ხელფასის 4-პროცენტიანი შენატანი, რომელიც დამსაქმებელმა და დასაქმებულმა უნდა გააკეთონ, 40 ლარია. ეს თანხა, შესაძლოა, თქვენს ხელზე ასაღებ ხელფასს მოაკლდეს, 800 ლარის ნაცვლად კი 760 აიღოთ.

შესაძლოა, რომ დამსაქმებელმა ორი პროცენტი თვითონ გადაიხადოს, ხოლო ორი პროცენტი დასაქმებულს ჩამოაჭრას ხელფასიდან, ამ შემთხვევაში თქვენი ხელფასი 780 ლარი იქნება.

სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, დამსაქმებელმა დაუბეგრავი ხელფასი მოგიმატოთ, რათა ხელზე იგივე თანხა აიღოთ. 1 000 ლარის შემთხვევაში, მისი ხარჯი 5,26 პროცენტით გაიზრდება, ანუ მისი ხარჯი 52,6 ლარით მოიმატებს.

ამავე თემაზე: რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე - მოკლედ