ბრიტანულმა მოდის სახლმა ბარბერიმ გაუყიდავი ტანსაცმელი, აქსესუარები და პარფიუმერია გაანადგურა, რისი მიზეზიც "ბრენდის დაცვა" იყო. განადგურებული პროდუქციის ღირებულებამ 37 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში სულ 117 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაანადგურა.

ბარბერის მსგავსად, უამრავი მოდის სახლი ანადგურებს გაუყიდავ პროდუქციას, რომ მათი დაბალფასად გაყიდვა აირიდოს თავიდან და მისი ღირებულება ბაზარზე არ დაიკარგოს.

"ამის მიზეზი ისაა, რომ ბაზარი ფასდაკლებებითაა სავსე. ბარბერის კი, არ სურს, რომ მისი პროდუქცია გადამყიდველების ხელში აღმოჩნდეს, რომლებიც ბრენდის ნაწარმს დაბალ ფასად გაყიდიან და ამით ბრენდის ღირებულებას შეამცირებენ", - ამბობს მოდის ბიზნესის ექსპერტი, მარია მალონე .

ბარბერის განცხადებით, პროცესი გარემოს მიმართ მეგობრულად წარიმართა — დაწვისას გამოყოფილი ენერგია გადაამუშავეს და ის არ გაფანტულა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ბეწვის მისაღებად ცხოველებს კლავდა. რამდენიმე თვის წინ, PETA-ს საიტზე ბარბერის პროდუქციის გასაპროტესტებლად კამპანიაც დაიწყო. კომპანიამ მაისის დასაწყისსში განაცხადა, რომ პროდუქციაში ბეწვეულის გამოყენების პრაქტიკას გადახედავდა. უცნობია, რამდენი ცხოველი შეეწირა ბრენდის უკვე განადგურებულ პროდუქციას.