ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც ტყიბულის შახტებში მომხდარ შემთხვევებს შეისწავლის. ამ ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მიმართავენ.

არასამთავრობოების მოთხოვნით, კომისიამ უნდა გადახედოს 2006 წლიდან საქნახშირი ჯიაჯი ჯგუფის მფლობელობაში არსებულ შახტებში ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ყველა შემთხვევას.

ორგანიზაციების თქმით, კომისიამ გამოძიების მიმდინარეობაში სავარაუდო გადაცდომებიც უნდა შეისწავლოს და გამოავლინოს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულის ჩადენის საკითხი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის საქმიანობის არაეფექტიანობა განსაკუთრებულად ცხადია ტყიბულის შახტებში მომხდარ შემთხვევებთან მიმართებით. არც ერთ შემთხვევაზე, ამ დრომდე, გამოძიებას არ შეუსწავლია და დაუდგენია საწარმოს მმართველებისა თუ სხვადასხვა მენეჯერული რგოლის წარმომადგენლების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციები გამოძიებების სტატისტიკასაც აქვეყნებენ. მათი მონაცემებით, 2017 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში 11 საქმე წარიმართა, გამოძიება 36 შემთხვევაში შეწყდა, ხოლო 81 შემთხვევაში გამოძიება დღებდე მიდინარეობს. ამასთან, 90 საქმეში სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა 3 შემთხვევაში განისაზღვრა.

"საქმეთა 72,2% არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა მერყეობს 500-დან 5000 ლარამდე", - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი
  • ახალგაზრდა სოციალისტები
  • თანასწორობის მოძრაობა
  • საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
  • კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი.

16 ივლისს ტყიბულის შახტაში 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი - დაშავდა. პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წელს ტყიბულის შახტში სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დაილუქა.