პოლიციამ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს Press Association-ზე დაყრდნობით.

ოფიცრები ფიქრობენ, რომ ყოფილი აგენტისა და მისი შვილის, იულიას მკვლელობის მცდელობაში რამდენიმე რუსი იყო ჩართული. გამოცემის ცნობით, პოლიცია ამჟამად ერთზე მეტ ეჭვმიტანილს ეძებს.

ბრიტანულ მედიას გამოძიებასთან დაკავშირებულმა წყარომ უთხრა, რომ ნივთიერება ნოვიჩოკით აგენტისა და მისი შვილის მოწამლვაში ეჭვმიტანილები სათვალთვალო კამერებით დაადგინა.

"ისინი [გამომძიებლები] დარწმუნებულები არიან, რომ ეჭვმიტანილები რუსები არიან", - ამბობს წყარო.

სერგეი სკრიპალი შვილთან, იულიასთან ერთად ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს. ისინი უგონოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მდგარ სკამზე იპოვეს. ბრიტანეთმა მოწამლვაში რუსეთი დაადანაშაულა და საწამლავად ნოვიჩოკი დაასახელა. აღნიშნული საშუალება სასიკვდილო ნივთიერებაა, რომელიც საბჭოთა კავშირმა 1970-80 წლებში გამოუშვა. რუსეთმა საქმეში ყოველგვარი მონაწილეობა უარყო.