"თუ ვიღაცას ჰგონია, რომ მე წყალს ჩავიგუბებ პირში და დათოს [ჭიჭინაძეს] ვაგრძნობინებ, იცი რა, შენ რაღაც შეგეშალა და სწორად გაგრიცხეს, მე მაგას ვერ გავაკეთებ… მორალურად დავინგრევი, სახლიდან ვერ გამოვალ, ეგ რა კაცობაა", - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე ქართული ოცნებიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას.

საჯარო განცხადებების გამო ქართული ოცნების სამდივნოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხეს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჭიჭინაძემ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს.

გედევან ფოფხაძის თქმით, სამდივნოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ადამიანი პარტიიდან შეიძლება, განსხვავებული აზრის გამო გარიცხონ.

"სულ აღარ მინდა პოლიტიკაში ყოფნა, შინაგანად რაღა უნდა გინდოდეს. თუ ადამიანი განსხვავებული შეხედულების გამო შეიძლება ბრძანებით პარტიამ შეიძლება გარიცხოს… ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ვინც განსხვავებულ აზრს იტყვის... ეთიკურობა, ძალიან შეფასებითია, იტყვიან გედი ფოფხაძე არაეთიკურია, ჩაიწერება ბრძანებაში, ბლანკში, რომ არაეთიკური ხარ და კარგად იყავი, რა", - განაცხადა დეპუტატმა ტვ პირველთან.

ბოლო რამდენიმე დღეა დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს. მან განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის მეთაურობით პარლამენტის ავტორიტეტი ძალიან დაბალია.

დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ კობახიძე და მაშინდელი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი "ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე კომპრომისზე წავიდნენ".

"თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ", - თქვა ჭიჭინაძემ.