ბინდის საგის ვარსკვლავი, 2011-2012 წლებში ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დასახელებული კრისტენ სტიუარტი, რომლის პირადი ცხოვრებაც აქამდე საჯარო არ ყოფილა, ღიად იწყებს საუბარს საკუთარი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.

ჟურნალ Elle-სთან ინტერვიუში, 26 წლის მსახიობმა პირველად განიხილა და გაასაჯაროვა საკუთარი ურთიერთობა ვიზუალური ეფექტების პროდიუსერ ალისია კარჯილთან.

"მე უბრალოდ მართლა ძალიან მიყვარს ჩემი მეგობარი გოგო", ამბობს სტიუარტი. "ჩვენ რამდენჯერმე დავშორდით, თუმცა მოგვიანებით, როდესაც ვრიგდებოდით ყოველთვის ვფიქრობდი, როგორც იქნა!"

კრისტენ სტიუარტის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები წლების განმავლობაში განიხილებოდა. როგორც სტიუარტი ამბობს, კარჯილთან ურთიერთობაზე საუბარი მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ხალხს არ ეფიქრა, თითქოს მას ქალთან ურთიერთობის რცხვენია:

"რეალურად, ამის დამალვა წარმოშობს აზრს, რომ არ მომწონს ან მრცხვენია იმის, რასაც ვაკეთებ, ამიტომ აუცილებლად უნდა შემეცვალა საზოგადოებასთან ურთიერთობა", - განაცხადა მან.

2008 წელს კრისტენმა ურთიერთობა მის პროფესიულ პარტნიორთან, “ბინდის” მსახიობ რობერტ პატისონთან დაიწყო, თუმცა 2012 წლამდე არც ერთი სიტყვა ამ ურთიერთობაზე არ უთქვამს. ახლა კი ამბობს, რომ უფრო უმარტივდება აღიაროს რომ ხვდება ქალს და არა მამაკაცს.

“როდესაც ბიჭს ვხვდებოდი, ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, ვმალავდი, რადგანაც ყველაფერი პირადული მაშინვე გაცვეთილი ხდებოდა და ეს არ მომწონდა. ჩვენ ფილმის პერსონაჟებად გადავიქეცით და ამ სასაცილო კომიქსების წიგნში მოგვათავსეს, ამ დროს ვფიქრობდი - ეს ჩემია. ჩემს ურთიერთობას ისეთს ხდით, როგორიც არ არის. მე ეს არ მომწონს", თქვა სტიუარტმა.

როგორც სტიუარტი ამბობს, გულწრფელი ურთიერთობა მასზე კარგად მუშაობს:

"ამან მთელი ჩემი ცხოვრება ღია გახადა და მეც ბედნიერი ვარ”.

სეზარის მფლობელი მსახიობის ჯერ-ჯერობით ბოლო ფილმი ვუდი ალენის “მაღალი საზოგადოებაა”, 2017 წელს კი მისი მონაწილეობით ორი კინოსურათის გამოსვლა იგეგმება.