საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს, რომ სანამ საქართველოს მთავრობასთან დაიწყება მოლაპარაკება კომპანია საქნახშირის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის სამართლებრივ პროცედურებზე, საქნახშირის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში უზრუნველყოფს მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობის უწყვეტობას.

ინდუსტრიული ჯგუფის განცხადებით, ეს საქმიანობა შახტებში უსაფრთხოების შესაბამისი დონის შესანარჩუნებლად ხორციელდება.

"გარდამავალ პერიოდში ტყიბულის შახტების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით, აუცილებლად მიგვაჩნია შახტების კონსერვაციის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან სათანადო უფლებამოსილების მქონე უწყებების ჩართულობის უზრუნველყოფა", - ნათქვამია განცხადებაში.

ტყიბულის შახტაში დასაქმებულებმა განაცხადეს, რომ მთავრობის განკარგულების მიუხედავად, ტყიბულის შახტის ადმინისტრაცია მეშახტეებს სამუშაო ადგილზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

16 ივლისს მინდელის შახტაში მომხდარი აფეთქების შედეგად კიდევ 4 მუშა გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25-ვე შახტი გამოძიების დასრულებამდე დალუქა. საქმის შეფასებისას მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მინდელის შახტის დახურვის განმავლობაში დასაქმებულებს აუნაზღაურდებათ ხელფასები.