ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს, ტვ პირველის ეთერში გადაცემა რეაქციაში დაადასტურა, რომ ჟურნალისტს მართლა მან უპასუხა. ქუმსიშვილი განმარტავს, რომ ის თვითმფრინავში იყო, როდესაც ზარი შევიდა და როგორც ამბობს, "შაყირი ეგონა":

"იმ წუთის გაფრენილი იყო თვითმფრინავი, ცოტა დავიბენი, არ ველოდი ინფორმაციის გავრცელებას".

სატელეფონო ინტერვიუს დროს, ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რასთან დაკავშირებით იმყოფებოდა ის პროკურატურაში, ქუმსიშვილი პასუხობს:

"მგონი, რაღაც გეშლებათ, სხვისი ნომერია".

ყოფილმა მინისტრმა დაადასტურა ისიც, რომ დაახლოებით 20 დღის წინ, ადვოკატთან ერთად იყო მისული მთავარ პროკურატურაში, გამოკითხვაზე:

"პროკურატურამ მთხოვა ჩემი მოსაზრების დაფიქსირება გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის, ერთ-ერთი საკითხი იყო ისეთი, რაც ჩვენ გადავაგზავნეთ პროკურატურაში. ეს იყო ჩვეულებრივი შეხვდერა და დამთავრდა ყველაფერი. ამის შემდეგ გახლდით საზღვარგარეთ და დღეს დავბრუნდი".

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ყოფილი მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე გამოკითხეს. უწყების ინფორმაციით, ყოფილი მინისტრები ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში საბიუჯეტო თანხების მითვისება/გაფლანგვის საქმეზე გამოკითხეს.