ბათუმში ახალ მშენებარე ბინებს და სხვა მსხვილ ობიექტებს ენერგო-პრო ჯორჯია ელექტრო ენერგიას ვერ აწვდის. როგორც კომპანიაში On.ge-ს განუცხადეს, არასაკმარისი სიმძლავრის გამო, ახალ აბონენტებს ქსელზე ვერ აერთებენ.

აღნიშნული პრობლემით, სემეკს ოთხმა კომპანიამ მიმართა, რომელთაც ქსელზე მიერთებისთვის თანხა ჰქონდათ გადახდილი.

როგორც ენერგო-პრო ჯორჯიაში ამბობენ, იმისათვის, რომ პრობლემა გადაიჭრას, ბათუმში შემავალი ხაზის, "ერგე 1"-ის გაძლიერებაა საჭირო. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს დროსთან არის დაკავშირებული და დროის გადავადებასთან დაკავშირებით სემეკს მიმართეს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გოჩა შონია On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ენერგო-პრო ჯორჯიას დრო 1 ოქტომბრამდე გადაუვადეს, რადგანაც საჭირო ელექტრო ხაზის გაძლიერება პრობლემური საკითხია.

"მისი ნაწილი, ანუ ანძები დგას კერძო საკუთრებაში, ხელვაჩაურის რაიონში და ოჯახების გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგება სამუშაოების ჩატარებას", - ამბობს შონია.

ბათუმში შემავალი ხაზის, ერგე 1-ის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ენრგო-პრო ჯორჯიას პირველ ეტაპზე 6 მილიონი ლარი დაუჯდება. ამის შესახებ პირველად ბათუმელებმა დაწერეს.