საქართველოს მთავარ პროკურატურაში ყოფილი მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე გამოკითხეს. უწყების ინფორმაციით, ყოფილი მინისტრები ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში საბიუჯეტო თანხების მითვისება/გაფლანგვის საქმეზე გამოკითხეს.

"მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე", - აღნიშნეს პროკურატურის თანამშრომლებმა On.ge-სთვის წერილობით მიწოდებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

ამ საკითხთან დაკავშირებით On.ge-მ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს რამდენიმე კვირის წინაც მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ამ მინისტრებთან დაკავშირებით განახლებული მინისტრთა კაბინეტის საკომიტეტო მოსმენების დროს, 13 ივლისს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე დაინტერესდა რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ ყოფილ მინისტრებს დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს.

შს მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, რომან გოცირიძე ჭორებს ავრცელებს. "ყველა იქ არის სადაც უნდა, ზაფხულია ზოგი შვებულებაშია, ზოგი ისვენებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.