ჰელსინკიში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ამერიკელ სენატორების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ტრამპს აკრიტიკებდნენ მისი თანაპარტიელებიც, რესპუბლიკური პარტიის სენატორებიც და კონგრესმენები.

ყველაზე დიდი აღშფოთება გამოიწვია ტრამპის პასუხმა კითხვაზე არჩევნებში ჩარევის საქმეზე ვისი სჯერა პრეზიდენტს:

"მე მჯერა ჩემი სადაზვერვო სამსახურის, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტი მტკიცედ უარყოფდა ბრალდებებს", - განაცხადა ტრამპმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტის პასუხის გამო სენატორები ტვიტერზე აღშფოთებას გამოხატავდნენ.

"ტრამპმა ხელიდან გაუშვა საშუალება 2016 წლის არჩევნებში ჩარევისთვის რუსეთისგან პასუხი მოეთხოვა და მომავალი არჩევნებისთვის მკაცრად გაეფრთხილებინა", - დაწერა სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდის გრემმა.

მან, ასევე, დაამატა, რომ პუტინის ნაჩუქარ ფეხბურთის ბურთს მოსასმენ აპარატურაზე შეამოწმებდა და თეთრ სახლში არასდროს მიიტანდა.

სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ჩაკ შუმერმა დაადანაშაულა ტრამპი, რომ მან პუტინის მხარე დაიჭირა და ამერიკელი სამართალდამცავების წინააღმდეგ დადგა.

"ჩვენი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში ამერიკელებს არ უნახავთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ისე დაეჭიროს მხარი მეტოქისთვის, როგორც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს", - წერდა შუმერი. ტრამპის პოზიციას მან უგუნური, საშიში და სუსტი უწოდა.

კიდევ ერთმა დემოკრატმა კონგრესმენმა ადამ შივმა ტვიტერზე დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება სამარცხვინო იყო.

რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა პრესკონფერენციაზე ტრამპის გამოსვლას "ამერიკის პრეზიდენტების ისტორიაში ერთ-ერთი სამარცხვინო გამოსვლა" უწოდა.

წარმომადგენლობით ორგანოში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ნენსი პელოსმა ტრამპ-პუტინის შეხვედრა ამერიკისთვის და დასავლეთ დემოკრატიისთვის ყველაზე სევდიანი დღე უწოდა.

პრეზიდენტი, ასევე, გააკრიტიკეს შეხვედრამდე მისი ტვიტის გამო, რომელშიც ეწერა, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა აშშ-ის წინა ხელისუფლების სისულელის გამო გაფუჭდა.

"არასდროს მეგონა, რომ მოვესწრებოდი დღეს, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის გვერდით დადგებოდა და რუსეთის აგრესიას აშშ-ს გადააბრალებდა. ეს სირცხვილია", - წერს რესპუბლიკელი სენატორი ჯეფ ფლეიკი.

"მოდი, გულწრფელები ვიყოთ, დონალდ ტრამპ, პუტინისა და მსოფლიოს თვალში სუსტი ჩანდი. პუტინი ძალას სცემს პატივს", - ასე გამოეხმაურა ჰელსინკიში შეხვედრას რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი. მისი აზრით, პუტინმა ჰელსინკიში "ფანტასტიკური გამარჯვება" მოიპოვა.

ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა თავისი გამოსვლა არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხით დაიწყო. მან უარი თქვა რუსეთი ჩარევაში დაედანაშაულებინა.

"ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა იმაზე უარესი ვიდრე ახლა, თუმცა ეს შეიცვალა, დაახლოებით, ოთხი საათის წინ. ამის ნამდვილად მჯერა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

კითხვაზე სჯერა თუ არა უფრო მეტად პუტინის განცხადების, ვიდრე ფედერალური ბიუროს მონაცემების, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არ უნახავს. კერძოდ კი, დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის სერვერები, რომლებიც, როგორც სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რუსმა ჰაკერებმა გატეხეს. ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან შეთქმულების ბრალდებები სამარცხვინოა.

გაიგეთ მეტი: