სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ყაზბეგის ოკუპაციის დაგეგმვაზე" რუსთავი 2-ის ჟურნალისტთან, გიორგი გვიშიანთან რუსული ნომრიდან დარეკვის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

სუს-ში On.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითეს ჟურნალისტი, თუმცა უწყებაში საქმის კვალიფიკაციას არ აკონკრეტებენ. თუმცა, გიორგი გვიშიანმა On.ge-სთან საუბარში თქვა, რომ მისი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-223-ე მუხლით აღძრეს, რაც უკანონო ფორმირების შექმნასა და მომზადებას გულისხმობს.

გვიშიანის თქმით, გამოკითხვისას დაუსვეს შეკითხვები ძირითადად ზარის შინაარსის შესახებ:

"ორი ზარი განხორციელდა, პირველი იყო გამაფრთხილებელი, სადაც მივიღებდი ინფორმაციას შესაძლო ტერაქტის შესახებ და თან უნდა მქონოდა ჩამწერი მოწყობილობა. მეორე ზარი იყო ის ზარი, რაც გასაჯაროვებულია. ორივე ერთი და იგივე ნომრიდან იყო და ეწერა კიდეც, რომ რუსეთიდან იყო".

გუშინ, 16 ივლისს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუქის გვერდზე გაასაჯაროვა აუდიო ჩანაწერი. მისი ინფორმაციით, კვირას 14 ივლისს გიორგი გვიშიანს რუსეთის სატელეფონო კოდის მქონე ნომრიდან დაურეკა უცნობმა პირმა, რომელმაც "ქართული და რუსული სპეცსამსახურების ერთობლივი გეგმის - ყაზბეგის რეგიონის ოკუპაციის შესახებ მოუყვა".