ინდონეზიაში დანებითა და ჩაქუჩებით შეიარაღებული ადამიანები სოფლის მახლობლად არსებულ ნიანგების ფერმაში შეიჭრნენ და შურისძიების მიზნით 300-მდე ცხოველი გაანადგურეს.

რამდენიმე დღით ადრე ფერმის ნიანგმა ადგილობრივი მწყემსი შეჭამა, რომელიც თავისი ცხოველებისთვის ბალახს კრეფდა. ამით გაღიზიანებული მოსახლეობა გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ ფერმაში შევარდა და ვიდრე პოლიცია რეაგირებას მოასწრებდა, ყველა ნიანგი დახოცა.

ნიანგების გასამრავლებელ ფერმას ლეგალური ლიცენზია ჰქონდა და ის ცხოველებს ძირითადად კონსერვაციისთვის ამრავლებდა. ფერმაში რამდენიმე სხვადასხვა სახეობის ნიანგი იყო და საბედნიეროდ ამ ეტაპზე არც ერთ მათგანს ბუნებაში გადაშენების საფრთხე არ ემუქრება.

ცხოველებზე შურისძიება ცხადია, საღ აზრს მოკლებულია. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ნიანგები რაიმე შეთქმულების თეორიაში იყვნენ ადამიანების წინააღმდეგ გაერთიანებული და ადგილობრივებს გამიზნულად ესხმოდნენ თავს. ისინი უბრალოდ ველური ცხოველები არიან და თუ ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ფერმიდან გამოიქცა და ადამიანი შეჭამა, გამოსავალი არა მათი ამოხოცვა, არამედ ფერმის სოფლისგან უკეთ იზოლირებაა.