მეცნიერებმა ალცჰაიმერის სავალალო შედეგების შესახებ ბევრი იციან, მაგრამ რა იწვევს ამ დაავადებას, ჯერაც არაა დადგენილი. ალცჰაიმერთან დაკავშირებული ახალი კვლევა კი შეიძლება ერთი ნაბიჯით გვაახლოებდეს წარმოშობის მიზეზების გარკვევასთან.

ათწლეულების განმავლობაში აზრი იმის შესახებ, თითქოს ბაქტერიას ან ვირუსებს ალცჰაიმერზე რაიმე გავლენის მოხდენა შეეძლოთ, არასერიოზულად აღიქმებოდა. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ბოლო კვლევის თანახმად კი, ჰერპესის ვირუსს შესაძლოა საკუთარი წვლილი შეჰქონდეს ნეირონებს შორის კავშირის დარღვევაში.

კერძოდ, ჰერპესთან ბრძოლისას ტვინში გამომუშავდება სპეციფიკური ცილა, რომლის დიდი რაოდენობით დაგროვებაც ტვინს აზიანებს.

მეცნიერების დიდი ნაწილი თვლიდა, რომ ბეტა ამილოიდი ორგანიზმის ნარჩენი იყო და მას ფუნქცია არ გააჩნდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის პათოგენებთან ბრძოლაში იღებს მონაწილეობას.

მოცემულ ექსპერიმენტში ზოგიერთი თაგვი გენეტიკურად ისე იყო გამოყვანილი, რომ მათ ნეირონებს ადამიანის ცილის, ამილოიდ ბეტას წარმოქმნა შეეძლოთ. ბეტა ამილოიდი ცილაა, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაში ტვინში გამომუშავდება. თუმცა, ალცჰაიმერის პაციენტებში ის გადაჭარბებით იწარმოება, შემდეგ კი ერთმანეთს ეკრობა და ცილის გროვებს ქმნის, რომელიც საბოლოოდ ტვინს აზიანებს. მეცნიერების დიდი ნაწილი თვლიდა, რომ ბეტა ამილოიდი ორგანიზმის ნარჩენი იყო და მას ფუნქცია არ ჰქონდა. თუმცა ნაჩვენებია, რომ ბეტა ამილოიდს იმუნური ფუნქცია გააჩნია და ის სოკოვან და ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლაში იღებს მონაწილეობას.

კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ ორივე ვირუსს მსგავსი შედეგის გამოწვევა შეეძლო. ვირუსით დაინფიცირების შემდეგ თაგვების ტვინში მყისიერად გაიზარდა ბეტა ამილოიდის გროვები და როგორც სავარაუდო იყო, თაგვები, რომლებსაც ადამიანის ბეტა ამილოიდი ჰქონდათ, უკეთესად გაუმკლავდნენ ინფექციას.

მსგავსი შედეგები მეცნიერების სხვა ჯგუფებმაც მიიღეს. ალცჰაიმერის დაავადების ძირითადი დამახასიათებელი ფაქტორი ბეტა ამილოიდის დიდი დოზით წარმოქმნაა. როგორც კვლევაში გამოჩნდა ვირუსებს შესწევთ ძალა, რომ გამოიწვიონ ტვინში ამილოიდ ბეტას გაძლიერებული სინთეზი, ეს კი, საბოლოო ჯამში ალცჰაიმერის დაავადებას იწვევს.

ამ შემთხვევაში, დაავადების გამომწვევი მთავარი ფაქტორი არა თვითონ ვირუსი, არამედ მასთან საბრძლოლველად გამომუშავებული ბეტა ამილოიდი, ანუ ორგანიზმის იმუნური პასუხია. თუ მეცნიერები როგორმე შეძლებენ, რომ დაბლოკონ პათოგენები მანამდე, სანამ ისინი ტვინს მიაღწევენ, ამან შეიძლება ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შანსები ძალზედ შეამციროს.

რა თქმა უნდა ამ პროცესში ჯერ კიდევ ბევრი გაურკვეველი ფაქტორია, მაგრამ ეს შედეგები მეცნიერებს საშუალებას მისცემს, რომ ალცჰაიმერის დაავადებას ახალი კუთხით შეხედონ და მკურნალობის შესაძლო ახალი მეთოდები შეიმუშავონ.