ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე ამბობს, რომ არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს, გაგრძელდეს მუშაობა მაღალი რისკის საწარმოში. ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ ბარკალაიამ აღნიშნა, რომ საწარმოს მთლიან დახურვაზეც მიდის საუბარი:

"მაღალი რისკია და დახურვის საკითხი ყოველთვის იყო განხილვის საგანი, თუმცა რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, როცა 1 500 ადამიანია დასაქმებული. ჩვენ საფუძლიანად შევისწავლით შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ საკითხებს. ვინაიდან მაღალი რისკია, მოპოვებითი სამუშაოები შეწყვეტილი იქნება და მუშებს ხელფასები აუნაზღაურდებათ".

დღეს, 16 ივლისს ტყიბულის მინდელის შახტში აფეთქების შედეგად 4 მუშა დაიღუპა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა. პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წელს ტყიბულის შახტში სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა.

შსს-ს გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.