"გოგოა, თორემ ფეხბურთის თამაშსაც ვასწავლიდი", - ასე გამოეხმაურა ყოფილი ფეხბურთელი და თბილისის მერი, კახა კალაძე ძაღლ ტიფანისთან დაკავშირებულ კითხვებს.

მერის დისკრიმინაციულ განცხადებას გოგოებისთვის ფეხბურთის სწავლებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მხრიდან სიცილი მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო გუნდი ჰყავს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1999 წელს მიიღო მონაწილეობა.

ქალთა ფეხბურთი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მეოცე საუკუნის დასაწყისში, თუმცა წლების განმავლობაში ფეხბურთი მხოლოდ კაცების სპორტად მიიჩნეოდა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში წინა საუკუნის 20-იან წლებში ქალებს ყველა მოედანზე თამაში აუკრძალეს, მიუხედავად იმისა, რომ თამაშებს მაყურებლის დიდი რაოდენობა ესწრებოდა. 1970 წლიდან ქალთა ფეხბურთმა უფრო ორგანიზებული სახე მიიღო და მომდევნო წლებში ამ მიმართულებით ტურნირების ჩატარებაც დაიწყეს.

ფეისბუკზე გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ ძაღლი ტიფანი, კალაძემ რამდენიმე თვის წინ თავშესაფრიდან წამოიყვანა, მერის კაბინეტიდან მერიის ეზოში მოწყობილ პატარა სახლში გადაიყვანეს. ძაღლის სახლი ასფალტის საფარზეა მოწყობილი და ხეებიდან რამდენიმე მეტრის დაშორებითაა.

კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ტიფანის კარგად უვლიან.

"ტიფანის რაც შეეხება, თქვენ გახსოვთ, როგორი პატარა იყო ის, როდესაც ჩვენ წამოვიყვანეთ თავშესაფარიდან. ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა ჰქონდა, დღეს ძალიან კარგად არის. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს კაბინეტში გაიზარდა. ყოველდღიურად ის სამჯერ სეირნობს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად მოდის მასწავლებელი, კინოლოგი, რომ გაწვრთნას, და ყოველი პარასკევი, შაბათი კვირა ჩემთან ერთად ადის წყნეთში. არ ვიცი ახლა სხვა, გოგოა, თორემ ფეხბურთის თამაშს ვასწავლიდი", - განაცხადა მერმა.