განახლებული მინისტრთა კაბინეტის საკომიტეტო მოსმენების დროს, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე დაინტერესდა რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ ყოფილ მინისტრებს დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს.

შს მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, რომან გოცირიძე ჭორებს ავრცელებს. "ყველა იქ არის სადაც უნდა, ზაფხულია ზოგი შვებულებაშია, ზოგი ისვენებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრმა ასევე არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია თიბისი ბანკის მიმართ სავარაუდო სასამართლო დავის შესახებ.

"კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ავრცელებთ ჭორებს, თიბისი ბანკის მიმართ არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ არის დაწყებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ფრაქციების ფორმატში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები უსმენენ.