"რაც შეეხება ქალბატონ წულუკიანს, მე მარტივად ვდგავარ იგივე პოზიციაზე, რომ ვიზიარებ არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს.

პრეზიდენტის განმარტებით, სასამართლო ხელისუფლება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთი არააქტიურად ჩართული ნაწილია და ამაში წვლილი თეა წულუკიანსაც მიუძღვის.

"მიმაჩნია, რომ იმ სერიოზული უკმაყოფილებების ტალღა, რომელიც სულ ერთი თვის წინ იყო რუსთაველზე, ის ტრაგიკული ისტორიები, როლებსაც ჩვენ რუსთაველზე ვისმენდით, არ იყო მარტო სარალიძის საქმე, ეს იყო ათობით შემაძრწუნებელი საქმე, რომელსაც ჩვენ ვისმენდით. არ უნდა სჭირდებოდეს დაზარალებულს ღამეების თენება პროკურატურასთან ან შსს-სთან, რომ მიაღწიოს სამართალს. მე ვიზირება იმ პოზიციას, რომელიც აქვს საზოგადოებას, იმ სულისკვეთებას, რომ ამ მიმართულებით ბევრად უფრო რადიკალური ნაბიჯები იყო გადასადგმელი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

12 ივლისს ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინა. თეა წულუკიანი ისევ იუსტიციის სამინისტროს უხელმძღვანელებს.

თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით იუსტიციის სახლთან აქცია #თეაწადი! გაიმართა. უკვე ყოფილი მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ მოთხოვნას კი რესპუბლიკური პარტია შეუერთდა.

წულუკიანის გადადგომის მოთხოვნებს აბსურდული უწოდა ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა. თვითონ წულუკიანმა კი იმედთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ პარტია გადადგომას სთხოვს "ხვეწნა და ყიჟინი" არ დასჭირდება.