Amnesty International-მა ირანის სამართალდამცავები გააკრიტიკა ქალაქის ცენტრში კაცის გაშოლტვისტვის, რომელმაც 14-15 წლის ასაკში ალკოჰოლი მიიღო.

ადგილობრივმა მედიამ სადამსჯელო ღონისძიების ფოტოებიც გამოაქვეყნა. სურათებში ჩანს, რომ ის ხელებით ხეზეა მიბმული და მას ნიღბიანი კაცი ამათრახებს. კაცს სულ 80 შოლტი დაარტყეს. "სანახაობას" მოშორებით მდგარი ადამიანების ჯგუფი უყურებს.

ირანის პროკურატურის ცნობით, კაცი ირანული კალენდრით 1385 წელს დააპატიმრეს [2006 წლის მარტიდან 2007 წლის მარტამდე], რა დროსაც ის 14-15 წლის იყო და გაშოლტვა მიუსაჯეს. უცნობია, რატომ აღასრულა პოლიციამ სასჯელი 10 წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ.

"ამ საქმეში არსებული გარემოებები უბრალოდ შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ირანელი სამართალდამცავების საშინელ სახეს", - წერია Amnesty-ს განცხადებაში.

ირანული მედიის ცნობით, წლების წინ, არასრულწლოვანი ბიჭი ქორწილში დააკავეს, რომელზეც 17 წლის ბიჭი მოკლეს. თუმცა ის მკვლელობის საქმეში არ ფიგურირებდა. ირანის კანონმდებლობით, თუ მუსლიმი ალკოჰოლს მიიღებს, 80 შოლტის დარტყმით დაისჯება.

შოლტით ისჯება ცილისწამება, ქურდობა, თავდასხმა, ვანდალიზმი და ისეთი ქმედებებიც, რომლებსაც Amnesty კრიმინალურად არ განიხილავს, მაგალითად სქესობრივი კავშირი დაუქორწინებელ ქალსა და კაცს შორის და ლგბტ პირების კავშირი.

"მიუღებელია, რომ ირანის სამართალდამცავი სისტემა აგრძელებს დასჯის ამ ფორმის გამოყენებას რელიგიური მორალის დაცვის სახელით", - ვკითხულობთ Amnesty-ს განცხადებაში.

2014 წელს ექვს ირანელს ციხე და 91 შოლტი მიესაჯა, რადგან ფარელ უილიამსის Happy-ზე ცეკვავდნენ.

ამავე თემაზე: