საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ქობულიას განცხადებით, განახლებული მთავრობის ეკონომიკური ზრდის ფილოსოფია ემყარება არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას, არამედ კეთილდღეობის ამაღლებას.

მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, ეკონომიკის ზრდა მთავრობის თვითმიზანი არ არის.

"ჩვენი თვითმიზანია საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ", - განაცხადა საკომიტეტო მოსმენის დროს პარლამენტში გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით,ინვესტორის შემოყვანით და ქარხნების აშენებით ეკონომიკა გაიზრდება, თუმცა კეთილდღეობა არა.

"სიღარიბის დონე არ შემცირდება და ადამიანები დარჩებიან რეგიონებში დაუსაქმებლები. ჩვენ გვინდა გავზარდოთ ეკონომიკა და შემოსავლები მოსახლეობას შორის თანაბრად გავანაწილოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი გამოიმუშავებს და მეორეს გაუნაწილებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა დავასაქმოთ ბევრად მეტი ხალხი და ეს ხალხი რომ იყოს დასაქმებული და თვითონ გამოიმუშავოს სახსრები, რომლითაც იცხოვრებს", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, მოსახლეობის კეთილდღეობას არამარტო შემოსავალი, არამედ შემოსავალი და დასაქმება ერთად განსაზღვრავს.

პარლამენტში მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ფრაქციების, კომიტეტების, უმრავლესობის და უმცირესობის ფორმატებში უსმენენ.

14 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.