მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში მცხოვრები 58 წლის სევილ აჰმადოვა წყლის მოსატანად მეზობელ სოფელში მიდის. ორი სათლი წყალი რომ მოიტანოს, ამისთვის მან 5 კმ უნდა გაიაროს. ამ გზის გავლა ზოგჯერ სევილს დღეში რამდენჯერმე უწევს: ამ წყალს იყენებს ოჯახი სასმელად, სევილი კი საჭმლის მოსამზადებლად და ჭურჭლის და ტანსაცმლის გასარეცხად. აღმამედლო, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მცხოვრებიამბობს, წყლით არ მარაგდება.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი წყლის მოსატანად მანქანას ქირაობს, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც სევილის მსგავსად თანხას ზოგავენ და წყალს ხელით ეზიდებიან.

"მეუღლე მწოლიარე ავადმყოფია. სახლში ჩემს გარდა არავინ მუშაობს. მე ბაღში ვმუშაობ და ოჯახს ძლივს ვარჩენ. ყოველდღე წყალში ფულის გადახდა არ შემიძლია. იძულებული ვარ, ეს გზა დღეში რამდენჯერმე გავიარო," - ამბობს სევილი.

"ყოველ დილას ვიღებ ბიდონებს და 4-5-კილომეტრიან გზას გავდივარ, რომ წყალი მოვიტანო. ზამთარში მუხლამდე ტალახში გვიწევს სიარული და წყლის მძიმე ბიდონების ზიდვაც ძალიან გვიჭირს," - აცხადებს 46 წლის ვაგიფ ჰაჯიევი.

მაჰირ აზიზოვი კი ამბობს, რომ უწყლობას ყველაზე მეტად ზაფხულში განიცდიან: "წვიმის წყალს ვაგროვებთ და იმას ვიყენებთ. ამის გამო ბავშვები ავად გვიხდებიან. ჩვენც ადამიანები ვართ, სუფთა წყალი გვჭირდება".

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას სოფლისთვის სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ: "გზა ჩვენ არ გვაქვს, სამუშაო აქ არ არის. ნორმალური ცხოვრებისათვის არანაირი პირობები არ გვაქვს. მთავარი პრობლემა მაინც უწყლობაა. რამდენი წელია ამ პრობლემის მოგვარებას ვითხოვთ, მაგრამ ხელისუფლება არაფერს აკეთებს", - აცხადებს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი ჰუსეინ მამმადოვი.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მერია აღმამედლოელების პრობლემის შესახებ ინფორმირებულია და პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.