12 ივლისს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განახლებული მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა. ცვლილება სამ უწყებას შეეხო. სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი იქნება. იუსტიციის სამინისტროს კი ისევ თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.

მიხეილ ბატიაშვილი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, მიხეილ ბატიაშვილი დაასახელა.

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სიაში ვკითხულობთ, რომ ბატიაშვილი ბიზნესის ადმინისტრირების ასოცირებული პროფესორია.

ამავე დროს, მიხეილ ბატიაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის 27 პროცენტის მფლობელია. მასთან ერთად უნივერსიტეტის წილებს ფლობენ: გრიგოლ ბულია (3 პროცენტი), იოსებ ხუციშვილი (3 პროცენტი), მინდია საბანაძე (33,5 3 პროცენტი), ირაკლი თევდორაშვილი (25,125 პროცენტი), ზაზა ბუაძე (8,375 პროცენტი).

გიორგი ქობულია

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი ქობულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ის მოსკოვის ბიუროში 2001 წლიდან მუშაობდა. ის უფროსი პარტნიორი თანამდებობას იკავებდა.

ფოტო: McKinsey & Company

კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქობულია McKinsey-ში რუსეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ნავთობისა და გაზის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ამ მიმართულებით ქობულია კონსულტაციებს უწევდა კომპანიებს სტრატეგიის დაგეგმვაში, კაპიტალის დაბანდების ეფექტურობის გაზრდაში და სხვა.

McKinsey & Company-მდე ქობულია ერთ-ერთ უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანია Merck Sharp & Dohme-ის რუსეთის ფილიალში მუშაობდა.

გიორგი ქობულიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მკურნალის სპეციალობით. მაგისტრის ხარისხი კი აშშ-ში, ემორის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მიიღო.

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრობის კანდიდატად დასახელდა. მაჭავარიანს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტი კორპორატიული ფინანსების განხრით აქვს დამთავრებული.

1997 წლიდან მუშაობდა თელია სონერას ჯგუფში შემავალ კომპანია ჯეოსელში. სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მისი კარიერა სუპერვაიზორის თანამდებობაზე დაიწყო და 2001 წლიდან იყო ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი. 2013 წლიდან იკავებდა კომერციული დირექტორის თანამდებობას.