დღეს, 12 ივნისს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი:

"მოკავშირე ლიდერებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს გუშინ. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას, წევრობისთვის მოსამზადებლად".

იენს სტოლტენბერგმა თავისი გამოსვლა იმით დაიწყო, რომ ნატო-საქართველოს კომისიის პირველი შეხვედრიდან ათი წელი გავიდა და მას შემდეგ უფრო და უფრო ღრმავდება პარტნიორობა:

"ნატოს უნიკალური ურთიერთობა აქვს საქართველოსთან. თქვენ ხართ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო მეგობარი. ჩვენი პარტნიორობა ნატოსა და საქართველოს უფრო დაცულსა და უსაფრთხოს ხდის. ჩვენ მადლიერები ვართ, საქართველოს კონტრიბუციის გამო ავღანეთის მისიაში და ვაღიარებთ, ქართველი ხალხის თავგანწირვას ჩვენი, საერთო უსაფრთხოებისთვის".

გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას:

"ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ რეფორმებით, რაც გააკეთეთ საქართველოში და მოგიწოდებთ რომ ასე გააგრძელოთ".

სტოლტენბერგმა თავის სიტყვაში საქართველოს თავდაცვითი რეფორმა შეაქო:

"ნატო-საქართველოს არსებულმა პაკეტმა გააძლიერა თქვენი ქვეყნის თავდაცვითი რეფორმები. ჩვენ გილოცავთ ნატოს არსებული სტანდარტის დაკმაყოფილებას, რაც ეხება მშპ-ს 2%-ის დახარჯვას თავდაცვაზე. მე კმაყოფილი ვარ, იმ ახლო თანამშრომლობისთვის ნატოს ტრენინგ ცენტრში პოლონეთში და ნატო-საქართველოს ერთობლივ ტრენინგ ცენტრში. მე ასევე მადლობას გიხდით იმ წვლილისთვის, რაც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში შეიტანეთ. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ჩათვლით. ნატო-საქართველოს ურთიერთობა იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა".

ნატოს ბრიუსელის სამიტი გუშინ 11 ივლისს დაიწყო.

ამავე თემაზე:

საქართველოს მოლოდინები ნატოს ბრიუსელის სამიტიდან - ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან