საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა საკითხებში კახა კოჟორიძე ამბობს, რომ მთავარი პროკურორის არჩევისას თეა წულუკიანმა პირდაპირ დაარღვია პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი.

"თეა წულუკიანს კანონის პირდაპირი მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისი კონსულტაციები არ გაუმართავს. კანონი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი ვალდებულია, ერთი თვის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან და სხვებთან აწარმოოს კონსულტაციები. ასეთი კონსულტაციები არ შემდგარა, და ამის შემდეგ მან დაასახელა სამი კანდიდატი. ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ სამწუხაროდ საპროკურორო საბჭომ არ წარმართა პროცესი გამჭვირვალედ. მთლიანობაში ეს იყო ცუდი პროცესი, რომელიც ნდობის გაზრდას პროკურატურის მიმართ ვერ შეუწყობს ხელს".

კოჟორიძის თქმით, იუსტიციის მინისტრმა ვერ უზრუნველყო ის, რომ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევას პროკურატურის მიმართ ნდობა მოეტანა:

"სახელმწიფოს წინაშე იდგა ამოცანა, რომ ახალი მთავარი პროკურორი შერჩეულიყო ისეთი პროცესით, რომელიც პროკურატურას მოუტანდა ნდობას, თუმცა სამწუხაროდ, როგორც თავიდანვე იყო ვარაუდი, იუსტიციის მინისტრმა ამ ამოცანის შესრულებას ვერ გაართვა თავი".

საპროკურორო საბჭომ დღეს, 12 ივლისს ფარული კენჭისყრით მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია. თადუმაძე აქამდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. იგი საპროკურორო საბჭომ ერთსულოვნად აირჩია. მის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს, საბოლოოდ კი მთავარ პროკურორს პარლამენტი დაამტკიცებს.