საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, რეგიონული მმართველობის არსებული სტრუქტურა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს რეგიონებშია.

მისი თქმით, ამ პრობლემიდან გამომდინარე ერთ-ერთი პირველი, რასაც ახალი მთავრობა გააკეთებს, ამ მიმართულებით სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იქნება.

"ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთესა და შეღავათს. ვფიქრობ. ეს ინსტიტუტი აუცილებელია, მას სჭირდება გაძლიერება, ისეთი ტიპის მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოსახლეობისგან მივიღოთ ადგილზე არსებული პრობლემური საკითხები და ამავე დროს, ვიმუშაოთ ამ საკითხების მაქსიმალურად ოპერატიულ რეჟიმში აღმოფხვრაზე", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ამ ინსტიტუტს გაძლიერება და მოსახლეობისთვის მისაღები ფორმის მიცემა სჭირდება.

"ვფიქრობ, მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა ძალიან დაბალია და საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის საკადრო ნაწილში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.