ეუთომ საქართველოს ინიცირებული რეზოლუციას "10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ" მხარი დაუჭირა. საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციას აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი.

მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ინიცირებული რეზოლუციის მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანის და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.

როგორც პარლამენტის პრესსამსახური აღნიშნავს:

  • ასამბლეა გმობს საქართველოს მოქალაქეების, ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბუქურაულის მკვლელობებს;
  • ასამბლეა რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს არ შეუშალოს ხელი საგამოძიებო პროცედურებს და ხელი შეუწყოს სამართლის აღსრულებას;
  • რეზოლუციაში ასახულია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების საჭიროება;
  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ორგანიზაციას გააძლიეროს ძალისხმევა სადამკვირვებლო მისიის სრულად აღდგენისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;
  • რეზოლუციაში ასამბლეა მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ", რაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და საოკუპაციო ხაზით დაშორიშირებული საზოგადოების დაახლოებისკენ არის მიმართული.