მთავარი პროკურორობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის თქმით, პროკურატურის მთავარი პრობლემაა საზოგადოების დაბალი ნდობა და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი. მისივე თქმით, ის საპროკურორო საბჭოს წარუდგენს ხედვას, რომელიც ხელს შეუწყობს უწყების განვითარებას.

"რეფორმების განხორციელების შემდეგ მივიღებთ სამართლიან პროკურატურას, თავდაჯერებულ პროკურორსა და ღია სახელმწიფო უწყებას, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნება", - განაცხადა თადუმაძემ.

დღს, 11 ივლისს საპროკურორო საბჭოს 15-მა წევრმა მთავარი პროკურორი კენჭისყრით უნდა აირჩიოს. უკვე ცნობილია, რომ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, რომელიც ამავე დროს, საბჭოს თავმჯდომარეცაა, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ თეა წულუკიანმა დაადასტურა, რომ მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატის, შალვა თადუმაძის შვილის ნათლიაა.

კენჭისყრამდე მთავარი პროკურორობის სამ კანდიდატს ნინო გოგნიაშვილს, შალვა თადუმაძეს და შალვა შავგულიძეს გესაუბრებიან. გასაუბრებას დაესწრება იუსტიციის მინისტრიც, თუმცა კითხვებს არ დასვამს.

გასაუბრების შემდეგ კენჭისყრის პროცედურა უნდა გაიმართოს. საპროკურორო საბჭოს წევრები თითოეულ კანდიდატს კენჭს ცალ-ცალკე უყრიან. კანდიდატმა საპროკურორო საბჭოს წევრების ხმების მინიმუმ 2/3 უნდა მიიღოს. შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი დაუყოვნებლივ წარუდგენს მთავრობას, საბოლოოდ კი მთავარ პროკურორს პარლამენტი დაამტკიცებს. კენჭისყრა მედიისთვის ღია იქნება.