ალბათ დამეთანხმებით, რომ დაფაზე ფრჩხილების ჩამოსმის, ან თუნდაც თეფშზე ჩანგლის გასმის ხმა შემაძრწუნებელი თუ არა ძალიან გამაღიზიანებელი მაინც არის. მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ გაარკვიონ თუ რატომ არის ეს ხმა ყველასათვის უსიამოვნო.

კვლევა აჩვენებს, რომ ამ გამაღიზიანებელ ხმებს და ბავშვის ტირილის ხმას მსგავსი სიხშირეები აქვს, რაც მიუთითებს, რომ ისინი გადარჩენასთან არის კავშირში. მაგალითად, ამ სიხშირეების მიმართ მგრძნობიარე ადამიანი უფრო მალე შეამჩნევს მომტირალ ბავშვს.

ასევე დადგინდა, რომ მსგავსი ხმების მოსმენისას ტვინის სმენისა და უარყოფითი ემოციების ცენტრებს შორის ძლიერი კავშირები მყარდება. მათ კვლევის ფარგლებში ეს ხმები ჩაიწერეს, შემდეგ კი მას მაღალი და დაბალი სიხშირეები ხელოვნურად მოაშორეს. აღმოჩნდა, რომ მაღალი სიხშირეების მოცილებისას ხმა მაინც არასასიამონვო შეგრძნებებს იწვევდა, ხოლო თუ მას დაბალ სიხშირეებს მოაშორებდნენ ხმა ცოტათი სასიამოვნოც კი ხდებოდა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ეს ხმები პრიმატების განგაშის სიგნალს ჰგავს. ცნობილია, რომ როდესაც შიმპანზეები რომელიმე მტაცებელს გადააწყდებიან, ან თუ მათ ჯანმრთელობას რაიმე საფრთხე დაემუქრება ისინი თავიანთ ჯგუფის წევრებს საფრთხის არსებობის შესახებ სწორედ ასეთი ხმის გამოცემით აგებინებენ. სავარაუდოა, რომ საფრთხის არსებობისას ადამიანის წინაპარი სახეობებიც სწორედ ასეთ ვოკალიზაციებს მიმართავდნენ. შესაძლებელია, რომ ჩვენი ტვინისათვის ეს ხმები კვლავ საფრთხესთან ასოცირდება და სწორედ ამიტომაც გვიჩნდება მისი გაგებისას ასეთი უარყოფითი შეგრძნებები.