აშშ-ს მოქალაქეების, სმიტების ოჯახის საქმეზე დაკავებულ მწყემსს პროკურატურამ ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით, დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის წარუდგინა.

გამოძიების ვერსიით, 4 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, დუშეთის რაიონში მდებარე ხადას ხეობაში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი შეხვდა ტურისტებს: ცოლ-ქმარსა და მათ 4 წლის შვილს, რომლებმაც სთხოვეს ეჩვენებინა მათთვის ხეობაში მდებარე ჩანჩქერი:

"გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ერთ-ერთი ჩანჩქერის სიახლოვეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა მწყემსმა სანადირო თოფიდან, 4 წლის შვილისა და ცოლის თანდასწრებით, ორჯერ გასროლით მოკლა ქმარი".

ბრალდების თანახმად, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მან ქალისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა გადაწყვიტა:

"თავის გადასარჩენად ლ.ჯ. ხევის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შემდეგ, 4 წლის ბავშვი თოფიდან გასროლით მოკლა, კაცის გვამი და გასროლილი მასრები მდინარეში გადააგდო, ხოლო ბავშვის ცხედარი, მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებულ თოვლის ზვავის ქვეშ ბუნებრივად წარმოშობილ მცირე ზომის ქვაბულში გადამალა და შემთხვევის ადგილი დატოვა".

დაკავებულ მწყემსს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის გ, მე-2 ნაწილის ბ, მე-3 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

ბრალდების მხარემ მ.კ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მცხეთის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლმდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულის ადვოკატმა ალუდა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი ბრალს არ აღიარებს.

მისივე თქმით, ბრალდებული გარკვეულ ინფორმაციას, მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს ფლობს და მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.