საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიიჩნევს, რომ სასტუმრო ლეოგრანდი (ველმონდი), რომელშიც ხანძარი რამდენიმე თვის წინ გაჩნდა უსაფრთხოების ნორმებს კვლავ ვერ აკმაყოფილებს. შენობის მუშაობის შესაჩერებლად უწყება სასამართლოს მიმართავს.

"გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა... სასტუმროს ადმინისტრაციამ სამჯერ შემოწმებისა და დაჯარიმების მიუხედავად, დღემდე ვერ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას შენობაში", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, შენობაში კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები არაა დამონტაჟებული, რაც ევაკუაციას აფერხებს და სწორედ ეს იყო გასულ წელს ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამორინეში არ შექმნილა საევაკუაციო გზებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურა და გაურკვეველია ისიც, თუ როდის დამონტაჟდება გარე საევაკუაციო კიბე.

სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არსებული საგანგაშო მდგომარეობა, უმნიშვნელო ხანძრის შემთხვევაშიც კი, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ხანძარი ლეოგრანდში

2017 წლის 24 ნოემბრის ღამეს, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო ერთი ირანის მოქალაქე. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლეს. 20-მდე ადამიანი სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს.

სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის გაჩენის საქმეზე ოთხთვიანი გამოძიების შედეგად შსს-მ ორი მენეჯერი დააკავა. სასტუმრო ლეოგრანდის საქმეზე ბრალდებულებს, გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იაუზის ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.