არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი ფილმის, საშიში დედის რეჟისორი ანა ურუშაძე წელს სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მხატვრული ფილმების კატეგორიაში ჟიურის წევრი იქნება.

რაც შეეხება სარაევოს კინოფესტივალსა და ქართულ კინოს ამ ფესტივალზე, ისევე როგორც შარშან, საქართველო სარაევოში წელსაც მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია თინათინ ყაჯრიშვილის "ჰორიზონტი". ფილმის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

დოკუმენტური ფილმების კონკურსში წარმოდგენილია მარიამ გულბიანის ფილმი "სანამ მამა დაბრნდება", ხოლო სტუდენტური ფილმების კონკურსში - ბაქარ ჩერქეზიშვილის "აპოლო - ჯავახეთი".

ასევე, სარაევოს კინოფესტივალი ახალგაზრდა ტალანტების პროგრამას Talents Sarajevo უმასპინძლებს, სადაც პროდიუსერი ანი კაშია მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ სარაევოს კინოფესტივალის შარშანდელი გამოშვება ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ფესტივალის გრან პრი ანა ურუშაძეს ხვდა წილად ფილმისთვის "საშიში დედა", რატი ონელის "მზის ქალაქი" კი სარაევოში საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს.

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიურად ბოსნია და ჰერცეგოვინაში ტარდება და იგი რეგიონის უმნიშვნელოვანს კინო ღონისძიებად ითვლება. წელს ფესტივალი 10 - 17 აგვისტოს ჩატარდება.