განვითარებულ ქვეყნებში ათწლეულების გამავლობაში გლანდების ოპერაცია მილიონობით ბავშვს უტარდება. გლანდები ის ლიმფური სტრუქტურებია, რომლებიც ორგანიზმში პათოგენის შეჭრისას ორგანიზმის პირველად იმუნურ პასუხს განაპირობებს.

ექიმები და მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ ეს ორგანოები ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სულაც არ არის. გლანდებს ხშირად ქრონიკული ინფექციები ახასიათებთ, რომლებიც ადვილად ვრცელდება და ამის გამო მათი ორგანიზმიდან მოცილება ამ ინფექციათა პრევენციის კარგ საშუალებად ითვლება, თუმცა ახალი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ეს პრაქტიკა შესაძლოა საბოლოო ჯამში უფრო მეტ პრობლემებს იწვევდეს.

მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს სამედიცინო ჩანაწერების ბაზა, სადაც ერთ მილიონზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები ინახებოდა.

მეცნიერებმა ნახეს, რომ ის ინდივიდები, რომლებსაც გლანდები 9 წლის ასაკამდე ამოაჭრეს 3-ჯერ უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილები ზედა სასუნთქი გზების ინფექციური და ალერგიული დაავადებების მიმართ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ზუსტად ის პრობლემები - სუნთქვის გაძნელება, ყურისა და სინუსების ქრონიკული ინფექციები - რომელთა აღმოსაფხვრელადაც მიმართავენ ხოლმე ტონზილექტომიას ანუ გლანდების ამოკვეთას, როგორც წესი, ოპერაციის შემდგომ კვლავ იჩენს თავს.

ეს არის პირველი კვლევა, რომელმაც სხვადასხვა დაავადებებზე ტონზილექტომიის გრძელვადიანი გავლენა შეისწავლა.

ამ რისკების გამო მეცნიერების ჯგუფი გვირჩევს, რომ ექიმებმა გლანდების ამოკვეთას მხოლოდ ალტერნატივების არარსებობისას, უკანასკნელ შემთხვევაში უნდა მიმართონ.