მეცნიერმა და გამომგონებელმა ილონ მასკმა ტაილანდის გამოქვაბულიდან ბავშვების გამოსაყვანად მინიწყალქვეშა ნავი შექმნა. წყალქვეშა ნავის გამოცდის ვიდეოები კი მასკმა ტვიტერზე გაავრცელა.

როგოც ჩანს, ეს არის კაფსულა, რომელიც წყლის ქვეშ მყვინთავებმა უნდა ატარონ. მასკის თქმით, კაფსულას ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ აუზში ცდიან.

ამ ვიდეოში კი ჩანს, როგორ გამოჰყავთ მინიწყალქვეშა ნავიდან შიგნით მჯდომი ადამიანი.

ილონ მასკმა ბავშვებისა და მათი მწვრთნელი დახმარების სურვილი რამდენიმე დღის წინ გამოთქვა. მან ტაილანდში ინჟინრებიც კი გაგზავნა, რათა ვითარება ადგილზე უფრო კარგად შეეფასებინათ და საჭიროების შემთხვევაში ტაილანდის ხელისუფლებას დახმარებოდნენ.

ტაილანდის გამოქვაბულიდან 12 ბავშვისა და მათი მწვრთნელი გამოყვანის ოპერაცია 8 ივლისს დაიწყო. პირველ ეტაპზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამოიყვანეს ექვსი ბავშვი, თუმცა შემდეგში დაზუსტდა, რომ ჯამში ოთხი ბავშვი გამოიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია გამოყვანილი ბავშვების ვინაობაც.

გამოქვაბულიდან გამოყვანისთანავე ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯერჯერობით მოზარდებს ოჯახის წევრები არ უნახავთ და, სავარაუდოდ, დღის ბოლოს შეძლებენ ნახვას. ექიმების თქმით, ოჯახის წევრებს მათი ნახვა და მათთან საუბარი შეეძლებათ, თუმცა სანამ სისხლის ანალიზის პასუხი არ იქნება ცნობილი მათი შეხება და ჩახუტება აკრძალულია.

23 ივნისს გამოქვაბულში გაუჩინარებული 12 ბავშვი და მათი ფეხბურთი მწვრთნელი ცხრადღიანი ძებნის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში ბრიტანელმა მყვინთავებმა ცოცხლები იპოვეს. ისინი ტურისტებისთვის კარგად ნაცნობ გამოქვაბულში საფეხბურთო ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელთან ერთად შევიდნენ, თუმცა მუსონური წვიმების გამო წყლის დონემ მოულოდნელად მოიმატა და გარეთ გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

შაბათ საღამოს დაწყებულმა წვიმამ, რომელიც კვირას გაგრძელდა ტაილანდის ხელისუფლება აიძულა ოპერაცია ნაჩქარევად დაეწყო. მღვიმეში შესვლა ადგილობრივი დროით კვირას, დილის 10 საათზე დაიწყო. სამაშველო ოპერაციაში სულ 13 უცხოელი და 5 ტაილანდელი მყვინთავი მონაწილეობს.

სამაშველო ოპერაცია სრულ სიბნელეში სიარულს, ცოცვას, ცურვას და ყვინთვას გულისხმობს. მაშველებს და ბიჭებს სახეზე სპეციალური ნიღბები უკეთიათ, ასევე თან აქვთ ჟანგბადის ბოთლები. თითოეულ ბიჭს ორი მაშველი აცილებს. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია შეჩერებულია და რამდენიმე საათში განახლდება.