ბრიტანულმა გამოცემა The Guardian–მა მოიპოვა ავიაკომპანია Fly Dubais-ს პილოტების მიერ შედგენილი უსაფრთხოების ანგარიშები, რომლებიც 2016 წლის აპრილ–მაისში განხორციელებულ 400–მდე ავიარეისს ეხება. დოკუმენტებით სკანდალური ფაქტები გამოიკვეთა – ავიაკომპანიის პილოტები პრეტენზიას აცხადებენ იმის გამო, რომ მათ ზეგანაკვეთურ მუშაობას აიძულებენ, ისინი უკიდურესად იღლებიან, ეს კი პირდაპირ აისახება ფრენის უსაფრთხოებაზე.

ფლაი დუბაი განსაკუთრებული ყურადღების შემდეგ მას შემდეგ მოექცა, რაც მისი ბოინგ 737 მიმდინარე წლის 19 მარტს დონის როსტოვის აეროპორტში დაშვების მცდელობისას ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა, სულ 62 ადამიანი დაიღუპა.

გარდიანის მიერ მოპოვებულ მასალებში, სადაც პილოტები აღწერენ ორი თვის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებს, საუბარია გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სახიფათო გადაღლილობის 42 ფაქტზე, ჩიტების გუნდთან შეჯახების 25 შემთხვევაზე, ლაზერთან დაკავშირებულ 5 ინციდენტზე (შორი მანძილიდან პილოტებისთვის თვალებში ლაზერის მინათება და მათი მხედველობის დროებით დაბრმავება, დანაშაულადაა მიჩნეული), ბორტზე ბომბის არსებობაზე ცრუ განგაში, ძაღლი ასაფრენ ბილიკზე და თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაში 3 ტონამდე ტვირთის არასწორად განთავსებით გამოწვეული არასტაბილურობა.

ავიაკომპანია პილოტებსა და ბორტგამცილბლებს აიძულებს იმუშავონ დამატებითი საათები, რის გამოც მათი დაღლილობა სახიფათო ნიშნულს აღწევს

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ავიაკომპანია პილოტებსა და ბორტგამცილებლებს აიძულებს იმუშაონ დამატებითი საათები, რის გამოც მათი დაღლილობა სახიფათო ნიშნულს აღწევს, რაც თავისთავად მოქმედებს თვითმფრინავის მართვის უნარსა და უსაფრთხოებაზე. ანგარიშებში აღწერილია ფრენის დროს ბორტგამცილებელთა ჩაძინების, საბარგო ნაწილში დიდი ოდენობის ტვირთის არასწორად განთავსებისა და თვითმფრინავის კონტროლიდან გამოსვლის ფაქტები.

პილოტები ანგარიშებში ასევე წერენ, რომ მათ ნდობა ეკარგებათ ფლაი დუბაის უსაფრთხოების მიმართ.

ფლაი დუბაი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა კომპანიიდან გამოჟონილ დოკუმენტებს და თქვა, რომ კომპანიის უმთავრესი პრიორიტეტი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვაა, გარდა ამისა, ფლაი დუბაი უარყოფს თანამშრომელთა იძულებას, იმუშაონ დამატებითი საათები.

ფლაი დუბაი 2008 წელს დაფუძნდა დუბაიში და მომსახურების დაბალი ფასის გამო, სწრაფადვე დაიწყო გაზრდა. ამჟამად ავიაკომპანია მსოფლიოს 90 მიმართულებით დაფრინავს და 2016 წლის 19 მარტამდე, უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები არ ჰქონია. ფლაი დუბაი რეგულარულად დაფრინავს დუბაი–თბილისი–დუბაის მიმართულებით.