Reuters-ის ცნობით, ამ დროისთვის ტაილანდის მღვიმიდან მაშველებმა 6 ბიჭის გამოყვანა შეძლეს. დარჩენილია 6 ბავშვი და ერთი მწვრთნელი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფორმაცია 6 ბიჭის მღვიმიდან გამოყვანის შესახებ Reuters-ს სამაშველო ოპერაციების უფროსმა მაშველმა მიაწოდა.

მიუხედავად Reuters-ის ცნობის, ტაილანდის საზღვაო ფლოტის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ მღვიმედან მაშველებმა ჯერჯერობით 4 ბიჭის გამოყვანა შეძლეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

Reuters-ის ვერსიას, რომ გამოქვაბული უკვე 6-მა ბიჭმა დატოვა, ტაილანდური მედიის ნაწილის ინფორმაციაც აზუსტებს.

ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გამოსაყვანად ოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. სამაშველო ოპერაციაში სულ 13 უცხოელი და 5 ტაილანდელი მყვინთავი მონაწილეობს.

12 ბიჭი და მათი ფეხბურთის მწვრთნელი გამოქვაბულში 23 ივნისს აღმოჩნდნენ და აქამდე იქ არიან. ისინი ტურისტებისთვის კარგად ნაცნობ გამოქვაბულში საფეხბურთო ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელთან ერთად შევიდნენ, თუმცა მუსონური წვიმების გამო წყლის დონემ მოულოდნელად მოიმატა და გარეთ გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.