"არ ინერვიულოთ ჩვენზე. ყველანი მენატრებით და დაბრუნება მინდა", - ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილმა ბავშვებმა და მწვრთნელმა მშობლების დასამშვიდებლად წერილები გაგზავნეს. წერილებში ფეხბურთელი ბიჭები ოჯახებს ეუბნებიან, რომ ძლიერები არიან და აუცილებლად გაუძლებენ.

ერთ ერთ წერილში ვკითხულობთ: "კარგად ვარ, მაგრამ ცოტათი მცივა. არ ინერვიულოთ და არ დაგავიწყდეთ ჩემი დაბადების დღე".

ერთი ბავშვი კი მშობლებს დასახმარებლად დაბრუნებას პირდება: "არ ინერვიულო, რომ ორი კვირა გამოვტოვე, მალე დავბრუნდები და დაგეხმარები მაღაზიაში".

ემოციურ წერილებში ბავშვები ოჯახების მოკითხვის გარდა, საყვარელი და სასურველი კერძების შესახებაც წერენ:

"მიყვარხარ დედა, მიყვარხარ მამა და თოი. თუკი აქედან გამოვალთ, გთხოვთ, შეგიძლიათ იმ რესტორანში წამიყვანოთ, სადაც შემწვარ ხორცს ვჭამთ? მიყვარხართ".

"არ ინერვიულოთ, მე კარგად ვარ, გთხოვთ უთხარით იოდს, რომ შემწვარი ქათმის საჭმელად წამიყვანოს".

25 წლის მწვრთნელი კი მშობლებს ბოდიშს უხდის და პირობას აძლევს, რომ მათ შვილებზე იზრუნებს:

"ყველა მშობლისთვის, ყველა ბავშვი კარგადაა. პირობას გაძლევთ, რომ მათზე კარგად ვიზრუნებ. მადლობა მხარდაჭერისთვის და ბოდიშს გიხდით".

მწვრთნელმა წერილი საკუთარ ოჯახსაც მისწერა:

"ჯანმრთელად ვარ. არ ინერვიულოთ ჩემზე. გთხოვთ, თავზე იზრუნეთ. ბიძია გთხოვ უთხარი ბებიას, რომ ხრაშუნა ხორცი მოამზადოს მწარე სოუსით. შევჭამ, როცა გამოვალ. ყველანი მიყვარხართ".

12 ბიჭი და მათი ფეხბურთის მწვრთნელი გამოქვაბულში 23 ივნისს აღმოჩნდნენ და აქამდე იქ არიან. ისინი ტურისტებისთვის კარგად ნაცნობ გამოქვაბულში საფეხბურთო ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელთან ერთად შევიდნენ, თუმცა მუსონური წვიმების გამო წყლის დონემ მოულოდნელად მოიმატა და გარეთ გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

მაშველებს მათ გამოსაყვანად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. ბავშვებს სპეციალური ტრენინგები უტარდებათ. ისინი ყვინთვას სწავლობენ იმ შემთხვევისთვის, თუ მათი გამოყვანა წვიმის შედეგად გაჩენილი წყლის დონის დაწევამდე გადაწყდება.

ამ ოპერაციის შესრულება იქამდე უნდა მოხდეს, სანამ შტორმი გამეორდება. იმ შემთხვევაში, თუ შტორმამდე ბავშვები და მათი მწვრთნელი ვერ გადაარჩინეს, დაზარალებულების გამოქვაბულიდან გამოყვანა რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლებელი იქნება.

ევაკუაციის გეგმის დამუშავების პარალელურად, ტაილანდური ფლოტი სცენარის სხვა განვითარებისთვისაც ემზადება. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვების გამოყვანა დროულად ვერ მოხერხდება, ფლოტი დაზარალებულებისთვის ოთხი თვის საკვების მარაგისა და მედიკამენტების მიწოდებას გეგმავს.

გარდა ამისა, მაშველები ცდილობენ, რომ გამოქვაბულიდან წყალი ამოტუმბონ და წყლის დონე დაწიონ, რასაც, ჯერჯერობით შედეგი არ გამოუღია. ამასთანავე გეგმავენ, რომ გამოქვაბული გაბურღონ, რათა წყლის ამოქაჩვა მოხერხდეს ან პირდაპირ ისეთ ადგილას გაბურღონ, რომ ბავშვებისა და მწვრთნელის ამოყვანა მოხერხდეს.

სამაშველო ოპერაციის დროს ტაილანდის ფლოტის ყოფილი მყვინთავი დაიღუპა. 38 წლის სამარნ კუნანი გამოქვაბულში ჟანგბადის ბალონებს დგამდა, როდესაც უკანა გზაზე უჟანგბადობის გამო გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

გამოქვაბულში ჟანგბადის ბალონების შეტანა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა. გამოქვაბულში ასობით მაშველის ყოფნამ ჟანგბადის დონე მკვეთრად დაიწია 21 პროცენტიდან 15 პროცენტამდე.