გამომგენებლმა და მილიარდელმა, ილონ მასკმა ტაილანდის გამოქვაბულში ჩარჩენილი მოზარდებისა და მწვრთნელის დასახმარებლად ტაილანდის ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს. ის მზადაა, რომ Space X-ისა და The Boring Co.-ის ინჟინრები ადგილზე გაგზავნოს.

მასკი ტვიტერზე აქტიურად განიხილავდა თუ როგორ შეიძლებოდა გადანრჩენილების გამოქვაბულიდან გამოყვანა. მან ივარაუდა, რომ გამოქვაბულში ერთი მეტრის დიამეტრის გასაბერი ნეილონის მილის შეყვანა შეიძლება, რათა წყლის ქვეშ საჰაერო გასასვლელი გაკეთდეს.

The Boring Co.-ის წარმომადგენლის განცხადებით, ტაილანდის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. მისივე თქმით, ინჟინრების გამგზავრება დღესვე იგეგმება.

გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 მოზარდი და მათი ფეხბურთის მწვრთნელი ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ 15 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე მოსკოვში დაპატიჟა.

"თუ, როგორც ჩვენ ვიმედოვნებთ, უახლოეს დღეებში ისინი ოჯახებს დაუბრუნდებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგზაურობის საშუალებას მისცემს, ფიფა მოხარული იქნება, რომ მსოფლიო თასის ფინალურ მატჩზე სტუმრის სტატუსით დაპატიჟოს", - ნათქვამია წერილში.

ბავშვები და მათი მწვრთნელი გამოქვაბულში 23 ივნისს აღმოჩნდნენ და აქამდე იქ არიან. ისინი ტურისტებისთვის კარგად ნაცნობ გამოქვაბულში საფეხბურთო ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელთან ერთად შევიდნენ, თუმცა მუსონური წვიმების გამო წყლის დონემ მოულოდნელად მოიმატა და გარეთ გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. ისინი ცხრადღიანი ძებნის შემდეგ ბრიტანელმა მყვინთავებმა იპოვეს.

მაშველებს მათ გამოსაყვანად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. ბავშვებს სპეციალური ტრენინგები უტარდებათ. ისინი ყვინთვას სწავლობენ იმ შემთხვევისთვის, თუ მათი გამოყვანა წვიმის შედეგად გაჩენილი წყლის დონის დაწევამდე გადაწყდება.

ამ ოპერაციის შესრულება იქამდე უნდა მოხდეს, სანამ შტორმი გამეორდება. იმ შემთხვევაში, თუ შტორმამდე ბავშვები და მათი მწვრთნელი ვერ გადაარჩინეს, დაზარალებულების გამოქვაბულიდან გამოყვანა რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლებელი იქნება.

ევაკუაციის გეგმის დამუშავების პარალელურად, ტაილანდური ფლოტი სცენარის სხვა განვითარებისთვისაც ემზადება. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვების გამოყვანა დროულად ვერ მოხერხდება, ფლოტი დაზარალებულებისთვის ოთხი თვის საკვების მარაგისა და მედიკამენტების მიწოდებას გეგმავს.

გარდა ამისა, მაშველები ცდილობენ, რომ გამოქვაბულიდან წყალი ამოტუმბონ და წყლის დონე დაწიონ, რასაც, ჯერჯერობით შედეგი არ გამოუღია. ამასთანავე გეგმავენ, რომ გამოქვაბული გაბურღონ, რათა წყლის ამოქაჩვა მოხერხდეს ან პირდაპირ ისეთ ადგილას გაბურღონ, რომ ბავშვებისა და მწვრთნელის ამოყვანა მოხერხდეს.

სამაშველო ოპერაციის დროს ტაილანდის ფლოტის ყოფილი მყვინთავი დაიღუპა. 38 წლის სამარნ კუნანი გამოქვაბულში ჟანგბადის ბალონებს დგამდა, როდესაც უკანა გზაზე უჟანგბადობის გამო გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

გამოქვაბულში ჟანგბადის ბალონების შეტანა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა. გამოქვაბულში ასობით მაშველის ყოფნამ ჟანგბადის დონე მკვეთრად დაიწია 21 პროცენტიდან 15 პროცენტამდე.