ტაილანდის ფლოტის ყოფილი მყვინთავი გარდაიცვალა, როდესაც გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის გადასარჩენ ოპერაციაში მონაწილეობდა. 38 წლის სამარნ კუნანი გამოქვაბულში ჟანგბადის ბალონებს დგამდა, როდესაც უკანა გზაზე უჟანგბადობის გამო გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მისი გადარჩენა მეწყვილემ სცადა თუმცა უშედეგოდ. გარდაცვლილ მყვინთავს ბანკოგში გადაიყვანენ, სადაც სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გამოქვაბულში ჟანგბადის ბალონების შეტანა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა. გამოქვაბულში ასობით მაშველის ყოფნამ ჟანგბადის დონე მკვეთრად დაიწია 21 პროცენტიდან 15 პროცენტამდე. მაშველები გეგმავენ, რომ გამოქვაბულში ჩარჩენილი 13 ადამიანი კვირის ბოლომდე გამოიყვანონ, სანამ წვიმების სეზონი დაიწყება, რომელიც ოქტომბრამდე გაგრძელდება.

12 ბიჭი და მათი ფეხბურთის მწვრთნელი გამოქვაბულში 23 ივნისს აღმოჩნდნენ და აქამდე იქ არიან. ისინი ტურისტებისთვის კარგად ნაცნობ გამოქვაბულში საფეხბურთო ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელთან ერთად შევიდნენ, თუმცა მუსონური წვიმების გამო წყლის დონემ მოულოდნელად მოიმატა და გარეთ გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

მაშველებს მათ გამოსაყვანად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. ბავშვებს სპეციალური ტრენინგები უტარდებათ. ისინი ყვინთვას სწავლობენ იმ შემთხვევისთვის, თუ მათი გამოყვანა წვიმის შედეგად გაჩენილი წყლის დონის დაწევამდე გადაწყდება.

ამ ოპერაციის შესრულება იქამდე უნდა მოხდეს, სანამ შტორმი გამეორდება. იმ შემთხვევაში, თუ შტორმამდე ბავშვები და მათი მწვრთნელი ვერ გადაარჩინეს, დაზარალებულების გამოქვაბულიდან გამოყვანა რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლებელი იქნება.

ევაკუაციის გეგმის დამუშავების პარალელურად, ტაილანდური ფლოტი სცენარის სხვა განვითარებისთვისაც ემზადება. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვების გამოყვანა დროულად ვერ მოხერხდება, ფლოტი დაზარალებულებისთვის ოთხი თვის საკვების მარაგისა და მედიკამენტების მიწოდებას გეგმავს.