კანადაში, კვებეკის სამხრეთ ნაწილში სიცხისაგან 33 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, გარდაცვლილთა რიცხვი მიმდინარე კვირაში გაიზარდა და მათი ასაკი 50-დან 80 წლამდე მერყეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კანადაში მსგავსი სიცხე ბოლო რამდენიმე ათწლეულია არ ყოფილა. ხელისუფლება მოუწოდებს ხალხს დიდი რაოდენობით სითხე მიიღონ და ნუ გავლენ მზის გულზე.

კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. ის ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მაღალი ტემპერატურა გაგრძელდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ კანადაში.

მონრეალის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლის ცნობით, სიცხით გარდაცვლილთა უმეტესობა 65 წლის იყო, მათ არ ჰქონდათ კონდიციონერი და აწუხებდათ ქრონიკული დაავადებები.

ჩვეულებრივ, წლის ამ დროს მონრეალის საშუალო ტემპერატურა 25 გრადუსია.