ერთი თანამედროვე ქართველი პოეტის ლექსი მახსენდება, რამდენი იარა, რამდენი იწვალა, რამდენი ისწავლა და მაინც რა... მოკლედ, დასასრული თქვენც კარგად გემახსოვრებათ. ეს ნაწილი დავიმახსოვროთ და მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შექმნა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დროული და საჭირო ინიციატივა იყო, რომელსაც მყისიერი შედეგები მოჰყვა. თავის დროზე, როცა ეროვნული გამოცდების იდეა ინერგებოდა, საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაბარება საბჭოური მეთოდით ხდებოდა და განათლების მიღების შანსი კორუფციასთან იყო დაკავშირებული. ადგილი ეკუთვნოდა მას, ვინც მეტს იხდიდა ან ვისაც უფრო გავლენიანი ნაცნობი ჰყავდა.

ეროვნული გამოცდების დანერგვამ ეს პრაქტიკა ფაქტობრივად გაანადგურა და საქართველოში უნივერსიტეტში ჩაბარება ცოდნაზე ორიენტირებული გახდა. ვინც უკეთ სწავლობს, ის ხვდება უნივერსიტეტში. დაინერგა შეჯიბრობითობის პრინციპი და აბიტურიენტებს მიეცათ საშუალება, საყოველთაო, ორგანიზებულ და სამართლიან გამოცდებში გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები. ამ ცამეტი წლის განმავლობაში, უამრავმა აბიტურიენტმა ჩააბარა უნივერსიტეტში საკუთარი ცოდნითა და მონდომებით. რეფორმის წარმატებას ზურგს უმაგრებდა კანონმდებლობის გამკაცრება კორუფციულ დანაშაულზე და პოლიციის ინსტიტუტის გაძლიერება. უნივერსიტეტებს აღარ ჰქონდათ აღარც მოტივაცია და აღარც ბერკეტები, ვინმე "მოეწყოთ" გამოცხადებულ ადგილებზე.

ერთი სიტყვით, ამ ნაწილში ეროვნულმა გამოცდებმა თავისი საქმე გააკეთა, მაგრამ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს, მთავარია მისი დანახვა გვინდოდეს. სამყაროში უნაკლო არაფერი არსებობს, სახელმწიფო სერვისები ხომ - მით უმეტეს. ერთი მხრივ, სასკოლო განათლების არასწორმა პოლიტიკამ და მეორე მხრივ, ეროვნული გამოცდების არსებობამ სკოლის მოსწავლეებს უსარგებლო და, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი მოტივაცია შეუქმნა.

ოცდამეერთე საუკუნე უნარების ეპოქაა. უნარებში საგამოცდო საგანს არ ვგულისხმობ, არამედ ადამიანურ უნარებს, რომლებიც ინდივიდებს ცხოვრებისეული გამოცდების ჩაბარებასა და მომავალი წლების სწორად დაგეგმვაში ეხმარება. წესით, ამ უნარების გამომუშავებაში სკოლა დიდ როლს უნდა ასრულებდეს, მაგრამ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა ამის გარდა ყველაფერს აკეთებს. დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სკოლის მოსწავლეების თვითმიზანია და ამ მიზნის მიღწევის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა რჩება.

მთავარი კითხვა, რატომ არის ერთიანი ეროვნული გამოცდები მოძველებული და ცუდი იდეა, რომელიც განვითარების საშუალებას ფაქტობრივად სპობს ან მნიშვნელოვნად აფერხებს, მკაფიო პასუხს მოითხოვს.


ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოში სასკოლო რეფორმის ჩატარების არაერთი მცდელობა გვქონდა. ყოველი ახალი მინისტრი გასცემდა დაპირებებს, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ქართული სკოლა იქცეოდა ჭეშმარიტი განათლების ინსტიტუტად, სადაც ბავშვების განვითარებისთვის ყველანაირი პირობები იქნებოდა. შენდებოდა სკოლები, იწერებოდა ახალი სახელმძღვანელოები და იცვლებოდა სწავლების მეთოდები. სხვადასხვა მინისტრებს ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვები და პრიორიტეტები ჰქონდათ. თითოეულ მათგანს სწამდა, რომ მათი ინოვაციური მიდგომები სასკოლო განათლებას ჭაობიდან ამოიყვანდა და განვითარების გზაზე დააყენებდა, თუმცა მოლოდინი არასდროს გამართლებულა.

დანგრევის პირას მყოფი სახლი რამდენჯერაც არ უნდა გადავღებოთ ახალი საღებავით, მას ვერაფრით ვუშველით, სანამ საძირკველს არ გავამაგრებთ. სწორედ ეს პრობლემა აქვს და მუდმივად ჰქონდა საქართველოში სასკოლო განათლებას. წლების განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა, როგორიცაა - გამოსაშვები გამოცდების ჩატარება (CAT), სახელმძღვანელოების მუდმივი ცვლა და მის წარმოებაზე მონოპოლიის მოპოვება, საგანმანათლებლო პროცესის მუდმივი ცვლილება და სხვ. - ისედაც დანგრევის პირას მყოფ სახლს საძირკველი კიდევ უფრო მოურყია და დღეს ის თვითგადარჩენის ინსტიქტს არის მინდობილი.

რეალური პრობლემა ისაა, რომ ყოველი რეფორმა ზედაპირული და უშინაარსო იყო. მახსოვს, მეშვიდე კლასში ფიზიკისა და ქიმიის სწავლება შეგვიწყვიტეს, რადგან ერთ-ერთი მინისტრის აზრით საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება მეცხრე კლასიდან უნდა დაწყებულიყო. მეცხრე კლასში რომ გადავედი, ხსენებული საგნების სწავლა უკვე ახალი წიგნებით, თუმცა იმავე მეთოდით დავიწყეთ. რაც მთავარია, მეცხრე კლასის წიგნი იტევდა ერთდროულად მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მასალას. ამ ცვლილებას ერთადერთი შედეგი მოჰყვა - ფიზიკა და ქიმია მოსწავლეებისთვის გახდა დამქანცველი, უშინაარსო და მოსაწყენი მეცნიერება. იმხელა ინფორმაციულ ნაკადს, რომელიც იმ ერთ წიგნში იყო, ვერც ერთი მოსწავლე გულს ვერ უდებდა.

სკოლის უმთავრესი მისია ბავშვებისთვის ისეთი უნარების მიცემა უნდა იყოს, რომელიც მას ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ასეთი კი, ომის წლების დაზეპირება ნამდვილად არ არის

რაც შეეხება გამოსაშვები გამოცდების ჩატარებას. ე.წ. კატ-ის გამოცდები საქართველოში 2011 წლიდან ტარდება. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ბოლო წლებში დაწყებული რეფორმა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ერთი წლით შეჩერდა და მისი ჩატარება სკოლებს დაევალათ. 2013 წლიდან კი, მეთორმეტე კლასელებმა ოთხი გამოცდა შემოდგომაზე, დარჩენილი ოთხი კი გაზაფხულზე ჩააბარეს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად არის დამოკიდებული საგანმანათლებლო პროცესი განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე. არადა, კარგად აწყობილ სისტემაში, სკოლა იმდენად ავტონომიური და თვითყოფადი უნდა იყოს, რომ მასზე მინისტრების ყოველი ცვლილება სავალალოდ არ ისახებოდეს.

თვითონ კატ-ის ფილოსოფიას რაც შეეხება, ის თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია იმ ცოდნის გამოცდაზე, რომელიც მოსწავლეებს სკოლაში უნდა მიეღოთ. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, კატ-ის გამოცდა არის ტესტრების იმგვარი სახეობა, რომელიც მოსწავლის ზეპირუნარს ამოწმებს და არანაირი კავშირი არ აქვს რეალური უნარების შემოწმებასთან.

ეს ალბათ სწორედ იმის ბრალია, რომ სკოლა უნარებს სულაც არ ავითარებს.


განათლების სამინისტროს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკულად აზროვნების უნარი, ისწავლონ ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოების შესრულება, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ა.შ. მიზნები მართლაც შესაშურია, თუმცა ამის აღსრულება ნაკლებად ხდება. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო - ეს კარგად გაცვეთილი ფრაზა ზუსტად შეესაბამება ჩვენი სასკოლო განათლების სისტემას. თუკი მიზანი არის მოსწავლისთვის სწორი უნარების ჩამოყალიბება, მაშინ რას მივაწეროთ ის რეფორმები, რომელსაც შესაბამისი უწყებები ახორციელებენ? რატომ უწევთ მოსწავლეებს ყველა ტბის სახელის დამახსოვრება, ყველა ომის წლების დამახსოვრება, მეასე ხარისხოვანი სამეფოების მეფეების სახელების ცოდნა და ა.შ.? რატომ არის ეს ცოდნა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კრიტიკული აზროვნება?

გამოდის რომ, სკოლაში მთელი თორმეტი წელი გვასწავლიან იმას, რაც პირველსავე კრიტიკულ სიტუაციაში სრულიად გამოუსადეგარია.

ზოგიერთები ალბათ მეტყვიან, სკოლაში დიახაც რომ ისწავლება კრიტიკული აზროვნებაო. მე სკოლა 4 წლის წინ დავამთავრე და წარმოუდგენელია, რომ ამ დროში რაიმე ფუნდამენტურად შეცვლილიყო. სანამ მოსწავლე ვიყავი, ანალიტიკურ აზროვნებასა და მოვლენების კრიტიკულ შეფასებას ყველაზე ნაკლები დრო ეთმობოდა. მათემატიკის გაკვეთილები ფორმულების დაზეპირებასა და შემდეგ როგორმე დაფამდე სწორად მიტანას ნიშნავდა. აღარაფერს ვამბობ ფიზიკასა და ქიმიაზე. სკოლაში გაკვეთილების ჩატარება ერთგვარი სპორტის სახეობა იყო. ერთი საკითხი ბოლომდე გააზრებული რომ არ გვქონდა, უკვე მეორე საკითხზე ვიყავით გადასულები და ასე, წლების განმავლობაში გროვდებოდა ფალსიფიცირებული ცოდნა. მთავარი იყო, ნიშნები მიგვეღო და დანარჩენზე არაფერზე ვდარდობდით, არც ჩვენ და არც განათლების სისტემა.

ამგვარმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენი, სკოლის მოსწავლეების მიზანი არა სწავლა და რეალური შემეცნება, არამედ მეთორმეტე კლასის ბოლომდე თავის გატანა გახდა. ის, რომ სკოლის შეფასებითი სისტემა გონებრივი განვითრებისთვის დამღუპველი, ხოლო უნარების ჩამოყალიბებისთვის ხელისშემშლელი აღმოჩნდა, ჩემი ერთი მეგობრის მაგალითზეც შემიძლია ავხსნა. მისი სახელი, დავუშვათ, ლაშა იყო. ლაშამ თორმეტი წელი წარჩინებით ისწავლა სკოლაში, ფაქტობრივად ყველა გაკვეთილზე უმაღლეს შეფასებებს იღებდა. სამაგალითო სწავლის გამო, სამინისტროს ოქროს მედლით დააჯილდოვა, თუმცა ეროვნული გამოცდების უნარების ტესტში, კერძოდ ვერბალურ ნაწილში, სრული კრახი განიცადა. იქ, სადაც მცირეოდენი კრიტიკული აზროვნება დასჭირდა, არც ერთი პროცენტით არ გამოადგა სკოლაში მიღებული ცოდნა.

გამოდის რომ, სკოლაში მთელი თორმეტი წელი გვასწავლიან იმას, რაც პირველსავე კრიტიკულ სიტუაციაში სრულიად გამოუსადეგარია. შედეგად კი ვიღებთ მოსწავლეებს, რომლებსაც დაზეპირებული ცოდნა გამოცდებამდე კი მიაქვთ, მაგრამ ვეღარასდროს იყენებენ.

...და მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს წლების დამახსოვრებას თანამედროვე ეპოქაში? მაშინ, როცა ყველაფრის გადამოწმება სულ რამდენიმე წამში, ფაქტობრივად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება? მითუმეტეს, ეს ხომ უბრალოდ მშრალი ცოდნაა, ყოველგვარი კონტექსტისა და შინაარსის გარეშე. მოსწავლეების უმრავლესობას არ შეუძლია ერთმანეთს დაუკავშიროს ერთსა და იმავე წელს, ორ სხვადასხვა სახელმწიფოში მომხდარი მოვლენები.

სკოლის უმთავრესი მისია ბავშვებისთვის ისეთი უნარების მიცემა უნდა იყოს, რომელიც მას ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ასეთი კი, ომის წლების დაზეპირება ნამდვილად არ არის.


დავუბრუნდეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების თემას. როგორც უკვე ვთქვით, ეროვნულმა გამოცდებმა თავისი მისია უკვე შეასრულა. 2005 წელს ის ცალსახად პოზიტიური მოვლენა იყო, თუმცა ამჟამად გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა, ამიტომ პუნქტებად მივყვეთ.

ეროვნული გამოცდები ბიუროკრატების შესარჩევ პროცესს უფრო ჰგავს, ვიდრე უნივერსიტეტში ჩასაბარებელ გამოცდებს

სამართლიანობა

პირველ რიგში, ერთიანი ეროვნული გამოცდები არ არის სამართლიანი საგამოცდო სისტემა. მას უამრავი ხარვეზი აქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მოსწავლეებისადმი დამოკიდებულებაა. სისტემას არ ესმის, რომ მოსწავლე ქარხნული პროდუქტი არ არის. განათლების სამინისტრო ყველა მოსწავლეში ერთსა და იმავე სახეს ხედავს - თითოეული მათგანი მათთვის ერთი და იმავე პოტენციალისა და უნარების მქონეა, რაც ცალსახად არასწორია. როგორც დედა არ ზრდის ყველა შვილს ერთნაირი მეთოდით, ისე არ შეიძლება ყველა მოსწავლე ერთი და იგივე ხაზს მიჰყვებოდეს. მოსწავლე, რომელსაც უფრო მეტად შემოქმედებითი უნარები აქვს განვითარებული, არ შეიძლება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული პრიორიტეტების გამო დაიჩაგროს. ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საკუთარი ნიჭის რეალიზება ბავშვობიდანვე მოახდინოს.

ვინაიდან ასე არ არის და სასკოლო განათლების სისტემა ფაქტობრივად ასი ათასობით ასლს ზრდის, ეროვნული გამოცდების ჩატარებაც აზრს მოკლებულია. ეროვნული გამოცდები რეალურად არის სისტემა, რომელიც ამოწმებს, ვინ დადიოდა უკეთეს სკოლაში, ვის ჰყავდა უკეთესი მასწავლებელი, ვის ჰქონდა ფული, რომ უკეთესად მომზადებულიყო, ვის გაუმართლა ცხოვრებაში ყველაზე მეტად და რაც ყველაზე მთავარია, ვინ უკეთესად მოერგო სახელმწიფოს მიერ დაწესებულ მოთხოვნებს.

ფაქტობრივად, ეს აბიტურიენტების გამოცდა კი არა, ბიუროკრატების შესარჩევი პროცესია.

გარდა ამისა, საგამოცდო კონტენტი იმგვარადაა შედგენილი, რომ არც ის ამოწმებს რეალურად უნარებს. მოსწავლეები დადიან რეპეტიტორებთან და იზუთხავენ ყველაფერს - როგორ დაწერონ ტექსტის გააზრება, როგორი სტრუქტურა მისცეს ესსეს, როგორ ამოხსნან სხვადასხვა ტიპის ამოცანები, რა ფორმულით შეიძლება ვერბალურ ნაწილში სწორ პასუხებამდე მისვლა და ა.შ.

და რა ხდება შემდეგ? - გამოცდები დასრულდება და დაზეპირებული არასაჭირო უნარები ჰაერში იკარგება.

ეფექტურობა

ყველაფერთან ერთად, ერთიანი ეროვნული გამოცდები არაეფექტურად ემსახურება მთავარ მიზანს. საუბარი დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემი აზრით, სკოლის მოსწავლეების განათლებისა და უნარების შემოწმება სახელმწიფოს საქმე ნაკლებადაა. აბიტურიენტები აბარებენ უნივერსიტეტებში, რომლებსაც საკუთარი გეგმები, სასწავლო მიზნები და მოთხოვნები აქვთ. ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა შესაძლოა რაღაცით გავამართლოთ, მაგრამ მონოპოლიას ვერანაირ პოზიტიურ ახსნას ვერ ვუპოვით.

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეროვნული გამოცდები სახელმწიფო ბიუროკრატების შერჩევას უფრო ჰგავს, ვიდრე უნივერსიტეტში ჩასაბარებელ გამოცდებს.

ყველაფერთან ერთად, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეროვნულ გამოცდებზე ანალიტიკური ნაწილი, რომელიც ქართულის გამოცდაზეა წარმოდგენილი, სინამდვილეში შემფასებლის სუბიექტურ აზრზეა დამოკიდებული. თუკი მოსწავლე წერს კარგად და სტრუქტურიზებულად, მაგრამ თამარ მეფის შესახებ საყოველთაოდ გავრცელებულ შეხედულებას გადაუხვევს და დაწერს, რომ თამარი სუსტი მეფე იყო, მისი შეფასება შესაძლოა იმაზე უფრო დაბალი იყოს, ვიდრე სხვა შემთხვევაში მიიღებდა. თუკი შემფასებელმა აბიტურიენტის მოსაზრება აბსურდულად მიიჩნია, დამთავრებულია საქმე.

რაც შეეხება არგუმენტირებული ესეს ნაწილს, ესეც ცალკე კრიტიკის საგანია. მე არ განვიხილავ ცალკეულ თემებს, რომელიც ტესტებში შედის, არამედ დავალების შესრულების პრინციპს. "დაეთანხმე ან უარყავი" ესა თუ ის მოსაზრება, სხვა არაფერია, თუ არა აზროვნების თვალსაწიერის შეზღუდვა. თანაც დებულება ხშირად ისეთია, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებას რომ ითხოვს. მაგალითად, შესაძლოა მოცემული დებულების ერთ ნაწილს ეთანხმებოდე, მეორეს კი არა, თუმცა დავალების მიხედვით ლავირების საშუალება არ გაქვს.

ეროვნული გამოცდების რეალური ეფექტიანობა ნულს ქვემოთ არის და ის მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტში ჩასაბარებელი ბილეთის როლს ასრულებს

მაგალითად, 2018 წლის ქართულის გამოცდაზე იყო ასეთი დავალება: "ის, ვინც სხვას ჩაგრავს და ავიწროებს, თავადაც დისკრიმინაციის მსხვერპლია". დებულებას წინ უძღოდა დისკრიმინაციის განმარტება: "დისკრიმინაცია არის საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფის უფლებების შეზღუდვა ან დარღვევა მასზე უპირატესობის მოპოვების მიზნით".

ეს საკმაოდ ვრცელი თემაა, რომელიც 250 სიტყვაში რთულია ამოწურო. მე რომ ეს თემა მომსვლოდა დასაწერად, გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად უკმაყოფილი ვიქნებოდი. პირველ რიგში, ის ვინც სხვას ჩაგრავს და ავიწროებს, მართლაც არის რაღაცის მსხვერპლი, მაგრამ დისკრიმინაციაზე მეტად სოციალურ-პოლიტიკური წესრიგის, ეკონომიკური გაჭირვებისა და ძალადობის, თუმცა ამის დაწერა თემის ავტომატურ განულებას ნიშნავს. ამიტომ, ვალდებული ხარ, მხოლოდ დისკრიმინაციაზე ისაუბრო. არის თუ არა ეს სწორი? - ცხადია, არა. ვინაიდან, თავისუფალ სივრცეში, გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ, ამ მოვლენას სხვაგავარად ახსნიდი და თუ ეროვნული გამოცდები მართლაც ადამიანის აზროვნებას ამოწმებს, მაშინ რატომ უნდა შევზღუდოთ აბიტურიენტები?

სწორედ ასეთი მიდგომების ბრალია, რომ ეროვნული გამოცდების რეალური ეფექტიანობა ნულს ქვემოთ არის და ის მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტში ჩასაბარებელი ბილეთის როლს ასრულებს.

შედეგები

უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ არაფერი იცვლება. ერთი სასწავლო დაწესებულებიდან მეორეში გადავდივართ და სულ ეს არის. უნივერსიტეტების უმრავლესობა, განსაკუთრებით კი სახელმწიფო უნივერსიტეტები, გაჭრილი ვაშლებივით გვანან ერთმანეთს. მათ გარანტირებული დაფინანსება აქვთ და რეალურად, ცოდნის წარმოების მოტივაცია ფაქტობრივად არ არსებობს. იშვიათი გამონაკლისები არიან კარგი ლექტორები, რომლებსაც სურთ, რომ სტუდენტებს ცოდნა მისცენ. გარდა ამისა, ეროვნული გამოცდების დამსახურებით, უნივერსიტეტებში ხვდებიან ისეთი სტუდენტები, რომლებიც შესაძლოა სულაც არ მიეკუთვნებიან იმ სფეროს, რომელშიც მოხვდნენ.

პრობლემის რეალური სათავე ისაა, რომ არც უნივერსიტეტებს და არც სკოლებს არავინ ეკითხება, თავად რა სურთ. სკოლებს არ აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ, რა იქნება უკეთესი მათი მოსწავლეებისთვის, რაზე გაამახვილონ უფრო მეტი ყურადღება და რაზე - შედარებით ნაკლები. მათ არ აქვთ უფლება, თავად აირჩიონ სახელმძღვანელოები, წიგნები, მეთოდები და სხვ. თუკი ვინმე გამოერევა ისეთი, ვინც რეალურად კრეატიულად მიუდგება საქმეს, მის მოსწავლეებს დიდად გაუმართლებთ, მაგრამ ეს ზოგად სურათს ვერაფრით შეცვლის.

სკოლებს სჭირდებათ მეტი დამოუკიდებლობა და უფრო მეტი იმპლუსები, რომ გაუმჯობესდნენ. სწავლების პროცესში ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენება ჩვენს სკოლებში მხოლოდ PowerPoint-ში გაკეთებული პრეზენტაციებით შემოიფარგლება, არადა საშუალებები გაცილებით მეტია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ არც ერთ მასწავლებელს არ აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, მისი მოსწავლეებისთვის რა არის უკეთესი. ეს ყველაფერი წინასწარ არის გაწერილი და ცუდ მასწავლებლად ითვლება ის, ვინც სილაბუსს გადაუხვევს.

თუ ეს ყველაფერი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით წარიმართება, თითოეულ სკოლასა და უნივერსიტეტს მოტივაცია ექნება, რომ ერთმანეთს აჯობონ და იყვნენ უკეთესები. კონკურენცია ქმნის ხარისხს - ეს უკვე დიდი ხნის წინ დაწერილი კანონია

იგივე ხდება უნივერსიტეტების შემთხვევაშიც. საქართველოში უნივერსიტეტები არ წყვეტენ, როგორი სტუდენტების მიღება სურთ. ერთადერთი, რისი უფლებაც აქვთ, ადგილებისა და სკალირებული ქულების ზღვარის დაწესებაა. არადა, უნივერსიტეტი თავისი პრიორიტეტების მიხედვით უნდა წყვეტდეს, როგორი სტუდენტების მიღება იქნება უკეთესი - ისეთების, ვინც უბრალოდ დიპლომისთვის აბარებენ თუ მათი, ვინც მეტად არის დაინტერესებული სამეცნიერო საქმიანობით. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტებს არ აქვთ ავტონომია და მათთვის სტუდენტებს სახელმწიფო არჩევს და შემდეგ ეუბნება, რომ მისი მოფიქრებული ტესტების შედეგად, უნივერსიტეტმა ესა და ეს სტუდენტი უნდა მიიღოს.

გამოსავალი ერთი შეხედვით რთული, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მარტივია - სახელმწიფომ უნდა გაიგოს, რომ ის არ არის კარგი აღმზრდელი და რომ სკოლის მოსწავლეები არ არიან ქარხნული პროდუქტები. თითოეულ მოსწავლეს თუ მოსწავლეთა ჯგუფს ინდივიდუალური მიდგომა, აღზრდა და განვითარება სჭირდება. შესაბამისად, სახელმწიფომ მეტი დამოუკიდებლობა უნდა მისცეს როგორც სკოლებს, ისევე უნივერსიტეტებს, რათა მათ თავად გადაწყვიტონ, როგორი იქნება მათი პოლიტიკა.

თანაც, თუ ეს ყველაფერი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით წარიმართება, თითოეულ სკოლასა და უნივერსიტეტს მოტივაცია ექნება, რომ ერთმანეთს აჯობონ და იყვნენ უკეთესები. კონკურენცია ქმნის ხარისხს - ეს უკვე დიდი ხნის წინ დაწერილი კანონია.

დღეს კი, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სტუდენტებს დასაქმება უჭირთ, რადგან არ აქვთ არც კვლევითი გამოცდილება, არც პრაქტიკული უნარები გამომუშავებული და არც ბაზრის მოთხოვნები ესმით. ეს კი, დიახ, ასეთი განათლების სისტემის ბრალია.

გამოსავალი ამერიკული გამოცდების მსგავსი მოდელის შექმნაა, რომელიც პირდაპირ არის უნივესიტეტის მოთხოვნებზე დამოკიდებული. GRE, TOEFL, SAT და მსგავსი ტიპის გამოცდები, რომელსაც არა სამინისტროები, არამედ უნივერსიტეტები, კვლევითი ორგანიზაციები და მსგავსი დაწესებულებები ქმნიან. ამერიკულ უნივერსიტეტებს აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ, რომელი ტესტია უფრო სანდო და სწორედ ამის მიხედვით აირჩიონ ისინი. ამის უფლება ტესტების შემქმნელ ორგანიზაციებს აძლევს მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მეტად დახვეწონ საკუთრი საგამოცდო პროგრამა და მეტი ნდობა მოიპოვონ. სწორედ ამგვარი თავისუფლებისა და ავტონომიის დამსახურებაა, რომ ამერიკული საუნივერსიტეტო განათლების სისტემა მსოფლიოში საუკეთესოა.

თუკი გვინდა, რომ ჩვენი მომავალი თაობები ჩემ მიერ ხსენებული ლექსის ბოლო ტაეპს არ დაემსგავსონ, ცვლილებები მყისიერად უნდა დავიწყოთ. სხვაგვარად კი, სხვადასხვა მონაცემებით, კიდევ მრავალი წელი ვიქნებით ყველაზე ნაკლებად განათლებულ ერებს შორს.