თუკი თქვენ სამსუნგის ტელეფონს ფლობთ, თქვენს პირად ფოტოებს შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს. მნიშვნელობა არ აქვს Galaxy S8, S9 თუ Note 8 გაქვთ, ეს პრობლემა სამსუნგის თითქმის ყველა თანამედროვე მოდელს აწუხებს.

ინფორმაცია პირველად Reddit-სა და სამსუნგის ფორუმზე გაჟღერდა. მომხმარებლები წერდნენ, რომ მათი ტელეფონი დაუკითხავად აგზავნიდა ფოტოებს სხვადასხვა მისამართით და კომპანიას რეაგირებას სთხოვდნენ. კიდევ ერთი სირთულე ის იყო, რომ ამ ხარვეზის გამო დაზარალებულები ტელეფონის მიერ გაგზავნილ ფოტოებს Samsung Message App-ში მანამდე ვერ ნახულობდნენ, სანამ ადრესატი საპასუხო წერილს არ მოიწერებოდა.

Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ სამსუნგის აპლიკაციამ მთელი ფოტოგალერეა თავის ერთ-ერთ კონტაქტს დაუკითხავად გაუგზავნა. საბედნიეროდ, ადრესატი მისი პარტნიორი აღმოჩნდა, მაგრამ ასეთი ქმედება მისთვის მაინც მიუღებელი იყო.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ეს პრობლემა იმან გამოიწვია, რომ Samsung Message App არასწორად მუშაობს RCS-ს (სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს შეტყობინებების გაგზავნას) განახლებულ პროფილებთან. ამ სერვისის მხარდაჭერა ქართულ ოპერატორებს: მაგთის, ჯეოსელსა და ბილაინს არ აქვთ და შესაბამისად, თუ პრობლემა RCS-ის განახლების ბრალია, მაშინ ქართულ ქსელებში ჩართული მომხმარებლები პირადი ფოტოების გაჟონვისგან დაცულები არიან..

სამსუნგი აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარებაზე უკვე მუშაობენ.

"ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია აღნიშნული პრობლემის შესახებ და ჩვენი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს მის მოგვარებაზე. დაზარალებულ მომხმარებლებს კი ვთხოვთ, რომ დაგვიკავშირდნენ პირადად", - ნათქვამია სამსუნგის განცხადებაში.

სანამ სამსუნგი პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს, თქვენც შეგიძლიათ თავის დასაცავად რაღაც გააკეთოთ. პირველ რიგში, წაშალეთ ან უბრალოდ აღარ გამოიყენოთ Samsung Message App, მის ნაცვლად კი სხვა სამესიჯო აპლიკაცია სცადეთ. მეორე, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ, აპლიკაციას შეუზღუდეთ წვდომა თქვენი ტელეფონის მახსოვრობასთან (Phone Storage). და ბოლოს, იქნებ სჯობდეს, რომ ტელეფონში არსებული ფოტოები დროებით მაინც გადაიტანოთ სხვა მოწყობილობებში, მაგალითად კომპიუტერში?