ჰაიპერლუპი ტრანსპორტირების ფუტურისტული მეთოდია, რომელიც კონცეპტის ეტაპს უკვე გასცდა და მისი დანერგვისა და განვითარებისთვის სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

ჰაიპერლუპი სპეციალურ მილებში მოძრავი კაფსულისებრი ტრანსპორტია, რომელიც დაბალი წნევის მქონე მილებში მოძრაობს და საათში 1 223 კმ.-ის განვითარება შეუძლია.

ჰაიპერლუპის სიჩქარე სხვა ტრანსპორტებთან შედარებით

ფოტო: Hyperloop Transportation Technologies

გარდა სისწრაფისა, ჰაიპერლუპის ტექნოლოგიის ერთ-ერთი უპირატესობა თვითმყოფადობაა, მილების თავზე განთავსებული პანელებისგან მზის ენერგიას იღებს და "საწვავად" იყენებს. სატრანსპორტო სტრუქტურა მიწისძვრა გამძლეა და შესაბამისად, მგზავრთა უსაფრთხოებაც დაცულია.

პროექტის იდეა თავდაპირველად Tesla Motors-ისა და Space X-ის დამფუძნებელმა, ელონ მასკმა წამოაყენა, როგორც სან-ფრანცისკოდან ლოს-ანჯელესში სწრაფი ტრანსპორტირების საშუალება.

ჰაიპერლუპის ტექნოლოგია აშშ-ში ბიუროკრატიულ კედლებს შეასკდა, ამიტომ პროექტზე მომუშავე ერთ-ერთი კომპანია Hyperloop Transportation Technologies ევროპაში გადავიდა და პირველი ხაზის აშენება სლოვაკეთში გადაწყვიტა.

2016 წლის 10 მარტს კომპანიის დირექტორმა, დირკ ალბორნმა, ოფიციალურად განაცხადა, რომ სლოვაკეთის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია და კომპანია პროექტის განვითარებას იწყებს. გეგმაშია ჰაიპერლუპის ხაზის შექმნა - ვენიდან ბრატისლავამდე და ბრატისლავადან ბუდაპეშტამდე.

ხაზის მშნებლობის დასრულების შემდეგ 8 საათიანი მგზავრობა 43 წუთამდე შემცირდება.

პროექტის ღირებულება $200-300 მილიონია და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა, მუშა სატრანსპორტო ხაზი 2020 წლისთვის იქნება მზად.

წინასწარი გამოთვლებით ჰაიპერლუპს წელიწადში 10 მილიონი მგზავრის გადაყვანა შეეძლება.