მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე 2 პირი დააკავა, ბავშვები სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

ახლა მთავარი კითხვაა, რა ბედი ეწევათ ბავშვებს, რომლებიც შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლები გახდნენ და რა მიდგომით იმუშავებს მათთან სახელმწიფო.

On.ge-ს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ განუცხადა, რომ თავდაპირველად, არასრულწლოვნების პრობლემა სოციალური მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფის წარმომადგენლებმა გამოავლინეს.

"ამ დრომდე, სოციალური მუშაკის მხრიდან არაერთხელ განხორციელდა მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის სერვისის შეთავაზება არასრულწლოვანი ტყუპი დებისათვის და ოჯახის უფროს წევრებს განემარტათ, რომ ბავშვების უფლებები მაქსიმალურად უნდა დაეცვათ. ასევე ბავშვები მოკლებულნი იყვნენ განათლების მიღების საშუალებას, მხოლოდ სოციალური მუშაკის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ოჯახის წევრებმა არასრულწლოვნები დაარეგისტრირეს სკოლაში", - აცხადებს ლევან გოგოძე.

მისი თქმით, მონიტორინგის დროს გამოიკვეთა ეჭვი, რომ ოჯახის წევრებს არასრულწლოვნები ჩაბმულნი ჰყავდათ შრომით ექსპლუატაციაში. რეაგირებისთვის სააგენტოს შსს-ს მიმართა.

ამჟამად, არასრულწლოვნები მიუსაფარ ბავშვთა ერთ-ერთ თავშესაფარში იმყოფებიან, სადაც მათთან მუშაობა გრძელდება. ასევე პროცესში ინდივიდუალურად ჩაერთო ფსიქოლოგი.

სამომავლოდ არასრულწლოვნები გრძელვადიან სახელმწიფო მზრუნველობაში გადამისამართდებიან.

4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის საქმეზე დაკავებულ ცოლ-ქმარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.