იუპიტერი, მზიდან მეხუთე პლანეტა, გაზის გიგანტი და ჯუნოს საკვლევი მიზანი, უბრალოდ დიდი კი არა, უზარმაზარია!

ეს პლანეტა იმდენად მასიურია, რომ სინამდვილეში, შეიძლება ითქვას, მზის გარშემო არც კი ბრუნავს. სხვა ყველა პლანეტის ჯამურ მასაზე 2,5-ჯერ მძიმე ეს ციური სხეული, საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მისი და მზის გრავიტაციული ცენტრი (წერტილი, რომლის გარშემოც ბრუნავს სისტემა) მზის შიგნით კი არ მდებარეობს, არამედ კოსმოსში, ჩვენი მანათობელი ვარსკვლავის ზედაპირიდან დაშორებით.

ამ ზედა აბზაცს თუ ეჭვის თვალით კითხულობთ, აგიხსნით, როგორც ხდება ზემოთაღწერილი მოვლენა.

როდესაც სივრცეში პატარა სხეული დიდი სხეულის გარშემო ბრუნავს, ეს პატარა სხეული, როგორც წესი, იდეალურ წრეზე არ ტრიალებს, არამედ ორივე ობიექტი, დიდიც და პატარაც, ბრუნავენ საერთო გრავიტაციული ცენტრის გარშემო.

ჩვენთვის ნაცნობ სიტუაციებში - მაგალითად, როდესაც დედამიწა ბრუნავს ბევრად დიდი მზის გარშემო - ადგილი აქვს იგივე მოვლენას, მაგრამ დედამიწის მასა იმდენად მცირეა მზის მასასთან შედარებით, რომ მათი საერთო გრავიტაციული ცენტრი უმნიშვნელოდ სცილდება მზის, როგორც ცალკე აღებული ობიექტის, გრავიტაციულ ცენტრს. ამ შემთხვევაში, დიდი ობიექტი (მზე) უძრავად გვეჩვენება, ხოლო პატარა ობიექტი (დედამიწა) მის გარშემო ბრუნავს.

მაგრამ რეალობა ყოველთვის ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

მაგალითად, როდესაც საერთაშორისო კოსმოსური სადგური (სკს) დედამიწის ირგვლივ ბრუნავს, სინამდვილეში ორივე მათგანი - დედამიწაც და სკს-ც მათი კომბინირებული გრავიტაციული ცენტრის გარშემო ბრუნავენ. მაგრამ ეს გრავიტაციული ცენტრი იმდენად ახლოსაა თავად დედამიწის ცენტრთან, რომ დედამიწის ბრუნვის დაკვირვება ამ საერთო ცენტრის გარშემო შეუძლებელია, ხოლო სკს თითქმის იდეალურ წრეს შემოხაზავს თავის ორბიტაზე.

იგივე ხდება მზის გარშემო მბრუნავი სხვა პლანეტებისთვისაც - მზე იმდენად მასიურია მერკურისთან, ვენერასთან, მარსთან და თვით სატურნთან შედარებით, რომ მათი საერთო გრავიტაციული ცენტრები ჩვენი ვარსკვლავის შიგნით, სიღრმეში მდებარეობს.

მაგრამ, იუპიტერისთვის ასე არაა.

ეს გაზის გიგანტი იმდენად დიდი და მძიმეა (იუპიტერის რადიუსი მზის რადიუსის თითქმის მეათედია), რომ მათი საერთო გრავიტაციული ცენტრი, ანუ ბარიცენტრი, მზის ზედაპირიდან, მზის რადიუსის 7%-ით, ანუ 48 699 კილომეტრის დაშორებით, ღია კოსმოსში მდებარეობს. მზეც და იუპიტერის ამ საერთო ცენტრის გარშემო მოძრაობენ.

ეს ზომებში-არაზუსტი გიფი (ან ჯიფი, თუ ასე უფრო გსიამოვნებთ) არის მზის და იუპიტერის “ურთიერთობის” ილუსტრაცია.

ფოტო: NASA

ამ გიფში ნათლად დაინახავთ, თუ როგორ მოძრაობს ეს ორი ციური სხეული კოსმოსში ერთად.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული რიცხვი - 48 699 კმ - შეიძლება მთლად ზუსტი არ იყოს, რადგან ამ მოდელირებაში, სავარაუდოდ, არაა გათვალისწინებული სხვა პლანეტების მიერ მზეზე და თავად იუპიტერზე ზემოქმედება, თუმცა, იუპიტერის და მზის ზომა-მასებიდან გამომდინარე, გადაცდომა ძალიან დიდიც არ უნდა იყოს.

ასე რომ, როდესაც ვინმე ნერდ გოგონა/ბიჭუნაზე უცებ მოგინდებათ შთაბეჭდილების მოხდენა, შეგიძლიათ ეს Fun Fact მოუყვეთ ჭკვიანური სახით.