ჩინური კორპორაცია Boyalife Group-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან შექმნან ადამიანის კლონი.

Boyalife Group-ი ამჟამად ცხოველთა კლონირების საწარმოს აშენებს ჩინეთის ქალაქ ტანჯინში, რომლის წარმადობაც 2020 წლისთვის წელიწადში ერთი მილიონი ძროხის კლონირება იქნება.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის შუ შიოჩუნის თქმით, კორპორაცია არ აპირებს გაჩერდეს მხოლოდ საქონლის კლონირებაზე, ისინი აპირებენ ცხენებისა და ძაღლების კლონირებას, ასევე კორეელ კოლეგებთან ერთად აქტიურად მუშაობენ პრიმატების კლონირებაზეც.

მისი თქმით, აქედან ადამიანის კლონირებამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი, რადგან ტექნოლოგია უკვე შექმნილია და თუ ადამიანთა კლონირება დაშვებული იქნება Boyalife Group-ზე უკეთ ამის გაკეთებას სხვა ვერავინ შეძლებს.

შიოჩუნის თქმით, კომპანია ამჯერად არ მუშაობს ადამიანის კლონირებაზე, თუმცა თუ საზოგადოება ამისთვის მზად იქნება, ტექნოლოგიის მცირედი განვითარებისა და დახვეწის შემდეგ აღნიშნული პროცესის წარმატებით ჩატარება შესაძლებელი გახდება.